ლანჩხუთის მერიის წინადადებას, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილების გახორციელებაზე, საკრებულომ მხარი დაუჭირა

303

ლანჩხუთის მერიის წინადადებას მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილების გახორციელების თაობაზე საკრებულომ მხარი დაუჭირა. ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტებები საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ გააკეთა. ამის შესახებ გურია ნიუსი წერს.

აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მეირ მომზადებული განმარტებითი ბარათის მიხედვით, მთავრობის განკარგულებაში, რომელიც მიმდინარე წლის 10 მარტით თარიღდება, მთავრობისვე განკარგულებით ცვლილება შევიდა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს  სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო  ღონისძიებების განხორციელების მიზნით 960 ათასი ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხიდან სოფელ ქვიანში სახიდე გადასასვლელის მოწყობას 225362 ლარი მოხმარდება; სოფელ მოედანში თ. გუჯაბიძის ეზოსთან სახიდე გადასასვლელის მოსაწყობად კი 288810 ლარი დაიხარჯება. ასევე ხიდის მოსაწყობად 380954 ლარი გაიხარჯება სოფელ ბაღლეფში, ფანდისეულის უბანში ასასვლელ გზაზე. სოფელ გრიგოლეთში, სასტუმრო „ლაშთანთან“ ნამატი წყლის კორექტორის მოწყობისთვის 64874 ლარი გახარჯვაა გათვალისწინებული.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წინადადების საფუძველზე, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული და დამეწყრილი გზების, მდინარეების გასწორხაზოვნების სამუშაოების დაფინანსებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტი   60 ათასს ლარს გაიღებს.

საკრებულომ ასევე დასტური მისცა ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახურის დაფინანსების 150 000 ლარით გაზრდას. აღნიშნული თანხების უზრუნველყოფა კი   ადგილობრივი ბიუჯეტიდან   ჯარიმების, სანქციებისა და საურავების გეგმის 210 ათასი ლარით ზრდის ხარჯზე მოხდება.

გარდა ამისა სპორტულ ცენტრში ასიგნების ფარგლებში 20 ათასი ლარით იზრდება არაფინანსური აქტივების მუხლი, შრომის ანაზღაურების მუხლი კი სამი ათასი ლარით მცირდება, რაც სხვა ხარჯების მუხლში გადამისამართდება.

25574,74 ლარით იზრდება საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტირების ხარჯი.