გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას წევრი თამარ კორძაია უბნების შემთხვევითი/შერჩეული გადათვლის პროცესზე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი, არსებითი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. იგი მიიჩნევს, რომ პროცესი “ფასადურია”, რაშიც ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს.
თამარ კორძაიამ ბრიფინგზე აღწერა, როგორ მიმდინარეობს გადათვლის პროცესი:
“საქართველოს მასშტაბით ჯერ კიდევ არაა ატვირთული 300-მდე ვიდეო. მხოლოდ თბილისის მასშტაბით, გამოქვეყნებული არ არის 106 უბნის ვიდეოკადრები. უბანზე დამკვირვებლები და კომისიის წევრები აცხადებდნენ, რომ ყველგან მიმდინარეობდა ჩაწერა. გაურკვეველი მიზეზების გამო საარჩევნო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ 109 უბანზე ვიდეოები არაა ჩაწერილი ან ცუდი ხარისხითაა ჩაწერილი. შესაბამისად, კონტროლის ეს მექანიზმი ვერ და არაა გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან.
ამ ფონზე როცა ამ მასშტაბის ვიდეოები არაა ატვირთული, მხოლოდ 20 უბნის გადათვლა, ისიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თუ კომისიების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, არ იძლევა არავითარ სურათს და არავითარი შედეგის მაჩვენებელი არაა, გარდა იმისა, რომ საქმე გვაქვს ფასადურ დემოკრატიასთან.
გადათვლის პროცესი მიმდინარეობს ხარვეზიანად, არასრულყოფილად, ტენდენციურად, რასაც ადასტურებს ის, რომ მხოლოდ ბიულეტენებს ითვლიან. არ ხსნიან სამაგიდო სიებს და ხელმოწერებს, რაც არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი ნაწილია.
ამ პროცესს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფასადურად ტარდება, დღეიდან გამოეთიშებიან, ჩვენი წარმომადგენლები. დღეიდან ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ ოპოზიციის წარმომადგენლები”, – ამბობს თამარ კორძაია.
მისივე აღნიშვნით, ისინი გააგრძელებენ გასაჩივრების პროცესს და მათ მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვაში ჩაერთვებიან.