არავითარი ვალდებულება არ გვაქვს რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება მივიღოთ – ამ ცვლილების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს ქვეყნისთვის, დადგენილია პროპორციული სისტემა 5 პროცენტიანი ბარიერით, რომელიც ლეგიტიმური და სწორია და ამოქმედდება 2024 წლიდან,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება.
“პარლამენტი იმსჯელებს ამ თემაზე და მსჯელობის საფუძველზე მიიღება ასეთი ან ისეთი გადაწყვეტილება ყველაფრის გათვალისწინებით. პირველ რიგში, პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას იმის მიხედვით, თუ რა არის ქვეყნისთვის საჭირო. საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ არ იქნება, ბუნებრივია, საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ მივიღებთ, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი საკითხი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ გვაქვს დღეს დემოკრატიული კონსტიტუცია, სადაც დადგენილია პროპორციული საარჩევნო სისტემა, 5 პროცენტიანი დემოკრატიული ბარიერით, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას ბარიერის დაწევაზე, მაგრამ არაფერი რომ არ შეიცვალოს კონსტიტუციაში, ამით დემოკრატიულ განვითარებას არაფერი ზიანი არ მიადგება, შეიძლება უკეთესიც კი იყოს დემოკრატიული განვითარებისთვის, რადგან პროპორციული სისტემა 5 პროცენტიანი ბარიერით არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და დემოკრატიული. არავითარი ვალდებულება არ გვაქვს რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება მივიღოთ. ამ ცვლილების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს ქვეყნისთვის, რადგან დღეს დადგენილია სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 5 პროცენტიანი ბარიერით. ლეგიტიმური და სწორი სისტემაა დადგენილი, რომელიც ამოქმედდება 2024 წლიდან. გვქონდა მსჯელობა ბარიერის დაწევის მიზანშეწონილობაზე და ამაზე პარლამენტი საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებს,”- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისათვის, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია, ითვალისწინებს მომდევნო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას და ბარიერის შემცირებას.