მინდა მივულოცო, ჩვენს ოპოზიციას ქალაქ წალენჯიხაში, გიორგი ხარჩილავას. მას უყვარს ეს რაიონი. სანამ ბატონი გიორგი იქნება წალენჯიხელების ინტერესების გამტარებელი, ჩათვალოს, რომ მე, მის გვერდში ვარ ყველა იმ პროექტში, რაც ჩემი წალენჯიხელების ინტერესებს დააკმაყოფილებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი ხარჩილავას თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება და წალენჯიხის მერად არჩევა მიულოცა.
ამასთან, ზარქუამ აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ექნება საპარლამენტო ზედამხედველობა იმისთვის, რომ შეცდომები და ხარვეზები მაქსიმალურად დააბალანსოს.
„მინდა, პარლამენტის სახელით ჩემს კოლეგას, ნინო ლაცაბიძეს რუსთავში გამარჯვება მივულოცო. დარწმუნებული ვარ რუსთავში ცვლილებები განვითარებისკენ მკაფიო იქნება. ვამაყობ, რომ ნინო ლაცაბიძე გახდა პირველი ქალი მერი რუსთავის ისტორიაში.
მე, ასევე, მინდა მივულოცო, ჩვენს ოპოზიციას ქალაქ წალენჯიხაში, გიორგი ხარჩილავას. მას უყვარს ეს რაიონი. სანამ ბატონი გიორგი იქნება წალენჯიხელების ინტერესების გამტარებელი, ჩათვალოს, რომ მე, მის გვერდში ვარ ყველა იმ პროექტში, საკითხში, რაც ჩემი რაიონის, ჩემი წალენჯიხელების ინტერესებს დააკმაყოფილებს. ასე რომ, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ ჩვენ არ ვართ ჩასაფრებული. პირიქით, ვინც საქმეს გააკეთებს, ვინც ჩვენი მოსახლეობის მიერ არჩევნების შედეგად მოპოვებული მანდატის ღირსეულად შესრულებას დაიწყებს, ჩვენ მის გვერდით დავდგებით, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა”, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.