დავითულიანი: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა

294

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. დასრულდა ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს მოგვცემს შანსს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი გადავშალოთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და დავიწყოთ საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის პოლიტიკური დღის წესრიგი არა უსაგნო პოლემიკა, არამედ კონკრეტულ საქმეებზე ორიენტირება და მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მუშაობაა.

„უნდა მივეჩვიოთ, რომ ვისაც ირჩევს ხალხი, ის არის ამ ხალხის არჩევანი და მას ეკუთვნის ამ გამარჯვების მილოცვა. ამიტომ ვულოცავ ყველას ერთად და ვუსურვებ წარმატებას თავისი რაიონის, ქალაქის და ქვეყნის საქმის კეთებაში. ამ არჩევნებით ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და დასრულდა ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს მოგვცემს შანსს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი, გადავშალოთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და დავიწყოთ საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა, არა ერთმანეთის ლანძღვაზე, არა უსაგნო პოლემიკაზე, არამედ კონკრეტულ საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკა და რიტორიკა ვაწარმოოთ ყველამ. შესაბამისად, ვინც ამ დღის წესრიგში შემოვა, ვინც საგნობრივ კამათში შემოვა, ვინც გვეტყვის, რომ ეს კანონი უკეთესი იქნება, თუ მივიღებთ ასე, ეს მიზანი განხორციელდება უფრო მარტივად. ამაზე ვეკამათოთ ჩვენს ოპონენტებს, სწორედ ეს იქნება ჩვენი სწორი პოლიტიკური დღის წესრიგი. თუ საჭირო იქნება, დავუჯერებთ, თუ არ ჩავთვლით საჭიროდ, ვიკამათებთ და მოსახლეობა გადაწყვეტს, ვინ არის მართალი და ვინ – მტყუანი, ყოველგვარი ზიზღისა და შეურაცხყოფის გარეშე. ვფიქრობ, ასეთი უნდა იყოს ამ პარლამენტის ხვალინდელი დღე და ასე უნდა ვიმუშაოთ დარჩენილი დრო. აღარც ამ ქვეყანას აქვს დაპირისპირების და ზიზღის რესურსი და არც ამ ქვეყანას უშველის ეს უსაგნო კამათი არაფერს.

გუშინ იაგო ხვიჩიამ ბიუროზე გამოთქვა წუხილი, რომ ისე გამოდისო, რომ ხელისუფლებაში ყოფნა აპრიორი ნიშნავს, რომ ოპოზიციაზე უკეთესი ინიციატივები გიჩნდებაო და ვეთანხმები იაგოს, რომ ეს ასე არ არის, რა თქმა უნდა, შესაძლოა, სხვას ბევრად კარგი იდეა მოუვიდეს თავში, ვიდრე აქვს მმართველი გუნდის წარმომადგენელს და რა თქმა უნდა, ამ ფორმატში უნდა იყოს პოლემიკა უზრუნველყოფილი, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება ერთად გადაწყვეტენ, რა შეამსუბუქებს და გააუმჯობესებს ჩვენი მოსახლეობის ყოფას. მზად ვარ, ვიმუშაო, ყოველდღიურად, თქვენთან ერთად, და იმედი მაქვს, რომ ეს პარლამენტი ასე გააგრძელებს მუშაობას“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.