საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი დღეს, სესიაზე თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დასრულებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიცია ბათილი ბიულეტენების თემით სპეკულირებს.
„ჩვენ კვლავ ვართ მოწმე, რომ ოპოზიცია ცდილობს გვაჩვენოს იგივე კინო, რაც შარშან უკვე ვნახეთ. ახლაც გვესმის საუბარი ბათილ ბიულეტენებზე, ბოლო ორი დღეა ცდილობენ ამით სპეკულირებას, თითქოს ბათილი ბიულეტენი არის ბევრი.
პირველ ტურში იყო 3,4%, შარშან საპარლამენტო არჩევნების დროს იყო 3,3% ბათილი და ასე არის სხვა დროსაც. ასე რომ, ეს არის ტყუილი. როცა ამხელ, ამბობენ, რომ ზოგიერთ ოლქში ეს ბათილი ბიულეტენი იმდენია, რომ სხვაობა შეიძლება გადაიფაროს. დიახ, შეიძლება, ასეც ხდება ხოლმე, მაგალითად, წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილში ჩვენმა მაჟორიტარმა კანდიდატმა წააგო იმდენი ხმის რაოდენობით, რამდენიც ბათილია. ჩვენც წავაგეთ იმიტომ, რომ ბათილი ბიულეტენები იყო. ამით ეს სპეკულაცია უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.