ირაკლი კობახიძე არჩევნების შედეგებზე: დამტკიცდა, რომ 6-თვიანი საუბარი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე სრული ფარსი და სიცრუე იყო

301

30 ოქტომბერს დასრულდა არა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, არამედ დასრულდა ერთწლიანი ძალიან რთული პოლიტიკური პროცესიც, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ერთი წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენ არაერთი სირთულე გამოვიარეთ, ეს იყო პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური პრობლემები, სოციალური პრობლემები, 6-თვიანი ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟი, პოლიტიკური შანტაჟი და ამ ფონზე ციხიდან გაშვებული ორი დამნაშავე, ასევე პრემიერ-მინისტრის მხრიდან ღალატი ქვეყნისა და ჩვენი გუნდისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში, რისი ლოგიკური გაგრძელება იყო მის მიერ პარტიის შექმნა და არჩევნებში მონაწილეობა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასევე მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმიც და 47%-იანი მაჩვენებლით, პრაქტიკულად, გავიმეორეთ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ამ შედეგმა არა მხოლოდ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის ნდობა „ქართული ოცნებისადმი“, არამედ დაამტკიცა, რომ 6-თვიანი საუბარი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე სრული ფარსი და სიცრუე იყო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.