ცესკო: განცხადებები იმაზე, რომ ოპოზიციური კანდიდატების წაგების მიზეზი ბათილი ბიულეტენების ჭარბი რაოდენობა გახდა, უსაფუძვლოა და საზოგადოებაში არჩევნების მიმართ კითხვის ნიშნების გაჩენას ისახავს მიზნად

736

ცესკო არჩევნების მეორე ტურში ბათილი ბიულეტენების შესახებ კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.

როგორც ცესკოს ინფორმაციის დაცულობის ცენტრის სპიკერმა თორნიკე გოგისვანიძემ განაცხადა, რამდენიმე დღეა კეთდება მანიპულაციური განცხადებები იმაზე, რომ ოპოზიციური კანდიდატების წაგების მიზეზი ბათილი ბიულეტენების ჭარბი რაოდენობა გახდა, რაც თავისი შინაარსით უსაფუძვლო განცხადებაა და მიზნად ისახავს საზოგადოებაში არჩევნების მიმართ კითხვის ნიშნების გაჩენას.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები, როცა მაგალითად ოპოზიციურმა კანდიდატმა გამარჯვება სულ რამდენიმე ხმის უპირატესობით მოიპოვა, თუმცა ამ მაჟორიტარულ ოქმებზეც ბათილი ბიულეტენების რაოდენობა იმაზე მეტია, რამდენი ხმითაც კანდიდატმა გამარჯვება მოიპოვა. ამის ერთ-ერთი მაგალითია მარტვილის საარჩევნო ოლქი, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა 5 ხმით გაიმარჯვა. მარტვილის ერთ-ერთ უბანზე ბათილი ბიულეტენების რაოდენობაც ზუსტად 5-ია. ასევე ჩხოროწყუს მე-12 საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა 5 ხმით გაიმარჯვა, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა კი შეადგენს 6-ს. წალენჯიხის 24-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატები უპირისპირდებოდნენ, ერთ-ერთმა კანდიდატმა 9 ხმით მოიპოვა გამარჯვება, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 47-ია. ამდენად, დაინტერესებული პირების მიერ ცალსახად იმის მტკიცება, რომ ბიულეტენების გაბათილება ოპოზიციური კანდიდატებისთვის ხმების წართმევისკენ იყო მიმართული, სიმართლეს არ შეესაბამება და არასწორია. საარჩევნო ადმინისტრაციამ დეტალურად დაამუშავა სხვადასხვა ტიპის სტატისტიკა, მათ შორის ბათილი ბიულეტენების ჭრილში. ეს მონაცემები, თუნდაც ზემოაღნიშნული მაგალითებითაც რომ ვიმსჯელოთ, ცხადყოფს, რომ კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცედურები წარიმართა კანონმდებლობის ნორმების დაცვით და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს გამოცხადებული შედეგების სიზუსტეს.

მონაცემების სიზუსტეს ცხადყოფს კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში გადათვლის პროცედურებიც, რომელიც დღეს წარიმართება. აღსანიშნავია ისიც, რომ ცესკოს თავმჯდომარემ ოლქებს მიმართა რეკომენდაციით არჩევნების მეორე ტურზე სავალდებულო 5-5 უბნის შედეგის ნაცვლად გადაეთვალათ 7-7. აღნიშნული პროცესი კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას შეიტანს მათ შორის იმ საკითხში, რასაც ბათილი ბიულეტენების რაოდენობა და ბათილობის მიზეზები ჰქვია”, – განაცხადა გოგისვანიძემ.

ამასთან, მანვე განმარტა, რომ ბიულეტენის ბათილობის ყველა საფუძველი კანონითაა განსაზღვრული.

„დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მიიჩნევა ბათილად, თუ: სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშის; სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა ერთზე მეტი ერთი და იმავე სახეობის საარჩევნო ბიულეტენი; საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე; საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერით ან/და რეგისტრატორის ბეჭდით; შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა; საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისთვის (ასეთი ბიულეტენები ცალკე პაკეტად იკვრება, მათი რაოდენობა არ მიეთითება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში და აღინიშნება მხოლოდ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში).

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ უმრავლეს შემთხვევაში შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ როგორც პროფესიული ნიშნით, ისე უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრები. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ კომისიის თითოეული წევრი, როგორც პარტიული ნიშნით დანიშნული, ისე პროფესიული ნიშნით არჩეული, დეტალურად იყო ინფორმირებული საარჩევნო უბანზე მიმდინარე პროცესების შესახებ. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს უფლება აქვთ დააფიქსირონ განსხვავებული აზრი, თუკი არ ეთანხმებიან შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს. უმრავლეს შემთხვევაში ასეთი რამ არ ფიქსირდება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირებული განსხვავებული აზრები ზოგადი, ტიპური შინაარსისაა და საერთოდ არ ეხება ბიულეტენების ბათილობას“, – აღნიშნა გოგისვანიძემ.

მისივე თქმით, ცესკოს მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება, რომ არჩევნების მეორე ტურის მონაცემების მიხედვით, ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები დაბალია და დიდად არ განსხვავდება ყველა სხვა არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებლისგან.

„მაგალითად, მერის არჩევნების ნაწილში სულ მონაწილეობდა 1 015 491 ამომრჩეველი, ბათილია 30 095 ბიულეტენი, რაც 2.96% -ს შეადგენს. რადგან მედიაში ძირითადად აპელირება ხდება ქუთაისზე, ბათუმსა და ზუგდიდზე, აქვე გეტყვით ამ ქალაქების მონაცემებსაც. კერძოდ ქუთაისში 70 048 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, ბათილია 2 396 ბიულეტენი, რაც კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის მხოლოდ 3.42 %-ია. ბათუმში 77 034 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, გაბათილდა 2071 ბიულეტენი, რაც 2.69%-ია. ზუგდიდში 54 828 ამომრჩეველი მონაწილეობდა, ბათილია 1 345 ბიულეტენი, რაც 2.45 %-ია. რაც შეეხება მაჟორიტარულ ნაწილს, არჩევნების მეორე ტურში მაჟორიტარულ ნაწილში მონაწილეობდა 151 149 ამომრჩეველი, ბათილია 7 227 ბიულეტენი, რაც 4.78% -ს შეადგენს“, – განაცხადა თორნიკე გოგისვანიძემ.