კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ 2021 წლის 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გაშუქებისას ჟურნალისტებს და ოპერატორებს რიგ შემთხვევებში არ ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად შეესრულებინათ პროფესიული მოვალეობა.
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” განცხადებით, ისინი თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში მუშაობდნენ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის ან/და თავდასხმის მაღალი რისკის შემცველ აგრესიულ გარემოში.
მათივე შეფასებით, სამართალდამცველები ვერ უზრუნველყოფდნენ მათი ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას და ხელშემშლელი გარემოებების ეფექტურ აღმოფხვრას.
„საარჩევნო დღის დასაწყისშივე, მაღალი თანამდებობის პირები ტრადიციულად გამოხატავდნენ უარყოფით დამოკიდებულებას და უხეშად ესაუბრებოდნენ ჟურნალისტებს თავიანთ საჯარო გამოსვლებში. მაგალითად, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციურად განწყობილი მაუწყებლის “მთავარი არხის” ჟურნალისტს “პროვოკატორი” უწოდა. „ნაციონალური მოძრაობის ზონდერად” მოიხსენია ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი პარლამენტის წევრმა დაჩი ბერაიამ.
მაღალი თანამდებობის პირების აგრესია კვლავაც მყისიერად აისახა მმართველი პარტიის მხარდამჭერთა ქცევაზე. კენჭისყრის დღეს მედიის წარმომადგენლები თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში თავდასხმის ობიექტები გახდნენ. “ქართული ოცნების” კოორდინატორები საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე ჟურნალისტებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მათთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ისინი ჟურნალისტებს “აქტივისტებს”, “ზონდერებს”, “დეზინფორმატორებსა” და “ოპოზიციის წარმომადგენლებს” უწოდებდნენ.
აღსანიშნავია, რომ მედიის წარმომადგენლების შევიწროება ხდებოდა, როგორც საარჩევნო უბნებზე, ისე საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე. ზოგიერთი ინციდენტისას ე.წ. კოორდინატორები ცდილობდნენ დაეფარათ მათი ვინაობა და ამომრჩეველთა ნებაზე კონტროლის ფაქტები, ზოგჯერ საარჩევნო კომისიის წევრები ავლენდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების არასაკმარის ცოდნას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ასევე აღნიშნავს, ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტებს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ:
„თბილისში, გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანია „TV პირველის” ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალეს ხელი; „გადააგდე, თორემ გადაგატეხავ თავზე!“ — მარტვილში, 31-ე უბანზე ფორმულას ჟურნალისტს, ნანო ჩაკვეტაძეს უცხო პირი კითხვების დასმის დროს ფიზიკურად დაუპირისპირდა; ტელეკომპანია „TV პირველის” გადამღებ ჯგუფს რუსთავში საარჩევნო უბანთან მყოფმა პირმა, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა; ზუგდიდში საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების” კოორდინატორები ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ; ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტ ნინო ჩაკვეტაძეს, მარტვილში მე-2 საარჩევნო უბანზე თავს დაესხნენ; ტელეკომპანია „TV პირველის” ინფორმაციით, „ქართული ოცნების” მხარდამჭერმა მათ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება; „TV მედია ცენტრის” ჟურნალისტის გიგა გელხვიიძის ინფორმაციით, ქუთაისში მე-14 საარჩევნო უბანზე მას სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ; ტელეკომპანია „ფორმულას” ინფორმაციით, ქუთაისში მათ გადამღებ ჯგუფს აგრესიულად განწყობილი პირები დაუპირისპირდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს;
ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის შენობაში ტელეკომპანია „TV პირველის” ჟურნალისტს საარჩევნო უბნის წარმომადგენელი სიტყვიერად დაუპირისპირდა; ტელეკომპანია „TV პირველის” ინფორმაციით, „ქართული ოცნების” აგრესიულად განწყობილმა დამკვირვებელმა მათ ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა; ბათუმში, ერთ-ერთ უბანზე “TV 25″ – ის გადამღები ჯგუფისთვის კამერის დაზიანება სცადეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება; ასევე, ბათუმში, ჟურნალისტ თეო ფუტკარაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება; ქუთაისში, მე-15 უბანზე On.ge-ის ჟურნალისტს, იზაბელა მოდებაძეს აგრესიულად განწყობილმა პირმა მუშაობაში ხელი შეუშალა, მისი ტექნიკის დაზიანება სცადა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა; გონიოში ტელეკომპანია „ფორმულას” და „მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამასთან “ფორმულას” ჟურნალისტს კაცი თმაში წვდა და შეაგინა. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ჟურნალისტს სამართლებრივ დახმარებას კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” გაუწევს; ფოთში „ქართული ოცნების” აგრესიულად განწყობილი აქტივისტები „მთავარი არხის” ჟურნალისტს თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს;
სოფელ ზემო მესხეთში ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტს ქვა ესროლეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს; “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას სენაკის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დაუპირისპირდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტს ტელეკომპანია პოსტ TV – ის წარმომადგენელი მიზანმიმართულად უშლიდა ხელს მუშაობაში. „ჩვენი დრო მოვიდა, ჩვენი!“ – სავარაუდოდ “ქართული ოცნების” აგრესიულმა მხარდამჭერმა “ფორმულას” ჟურნალისტს მარტა ქურასბედიანს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, – ნათქვამია კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ინფორმაციაში.
მათ ასევე ისაუბრეს საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის შესახებაც:
ქარელის მუნიციპალიტეტში, მე-2 საარჩევნო უბანში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელი „ტვ მონიტორინგის” ჟურნალისტს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მალევე ოპოზიციურმა პარტიამ გააკეთა განცხადება და წარმომადგენლობის უფლება შეუჩერა. ფაქტთან დაკავშირებით კი დაწყებულია გამოძიება. „გურიანიუსის” ინფორმაციით, სენაკის პირველი საარჩევნო უბნიდან მათი ჟურნალისტი ჯემალ ღამბაშიძე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოაძევა, ჟურნალისტს არ მიეცა უბანზე დაბრუნების და ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა. მომხდარის თაობაზე კოალიციის წევრმა ორგანიზაციამ – საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ მოამზადა საჩივარი. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა უწყებებმა მიიღონ ზომები ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის ფაქტების შესამცირებლად. ამასთან მოხდეს მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტების სწრაფი და ეფექტური გამოძიება. გამოვლენილი დარღვევების ფონზე, კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მმართველ პარტიას გააკეთოს ღია განცხადებები თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პრეზიდენტმა გამოხატონ მოსაზრებები ჟურნალისტებისა და ოპერატორების უსაფრთხოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეაფასოს საუბნო და საოლქო კომისიის წევრების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ქცევის წესების შესრულების ხარისხი და მიიღოს სათანადო ზომები საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.