ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ევროკავშირის მისიების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით, არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას აცხადებს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მკაფიო შეფასების მიუხედავად, ძირითადი ხარვეზების აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაიდგა.
ჰარცელის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სადამკვირვებლო მისიამ კვლავ დაასკვნა, რომ არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული და რომ კამპანია იყო კონკურენტული, ასევე, დაფიქსირდა ნეგატიური რიტორიკა, ამომრჩევლების დაშინებისა და ზეწოლის მუდმივი ბრალდებები და რესურსების მკვეთრი დისბალანსი მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
“პირველი ტურის შემდეგ ჩვენ განვაცხადეთ, რომ აღნიშნული დარღვევები ნორმად არ უნდა იქცეს. საერთაშორისო დამკვირვებლების მკაფიო შეფასების მიუხედავად, ძირითადი ხარვეზების აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაიდგა. პირიქით, გაჩნდა შემდგომი ხარვეზები, განსაკუთრებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ძალადობრივი რიტორიკის კუთხით, რამაც ისედაც ღრმა პოლიტიკური პოლარიზაცია კიდევ უფრო გააძლიერა. არჩევნებამდე გაკეთებული განცხადებები, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ ითანამშრომლებს ადგილობრივ საკრებულოებთან, თუ ისინი სხვა უმრავლესობისკენ მიისწრაფვიან, შემაშფოთებელია, რადგან ისინი ცდილობენ შეზღუდონ ამომრჩეველთა არჩევანი და პლურალიზმი”, — ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის ელჩი ყველა მხარეს მოუწოდებს, საარჩევნო პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.
გუშინ, 30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცესკომ წინასწარი შედეგები უკვე გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ოპოზიციის კანდიდატი იგებს. სხვა დიდ ქალაქებსა და თვითმმართველ თემებში მმართველი გუნდის კანდიდატები იგებენ ან ლიდერობენ.
შედეგებთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გააკეთა ოპოზციის თბილისის მერობის კანდიდატმა თბილისში, ნიკა მელიამ და არჩევნებს “გაუქმებული” უწოდა. მისი თქმით, ბევრ მუნიციპალიტეტში ოპოზიციის მოპოვებული გამარჯვება ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა და “ვითომც არ იყო მოპოვებული ისე წაიღო, საკუთარ სხვადასხვა რეზიდენციებში”.