დეკანოიძე: ქუთაისის 124-ვე უბანზე ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ კანდიდატებს შორის სხვაობას გადააჭარბა, რის გამოც ყველა ბათილი ბიულეტენის გადათვლას მოვითხოვთენ

435

„ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტური გაყალბებისა და დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქუთაისის 124-ვე უბანზე ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ კანდიდატებს შორის სხვაობას გადააჭარბა, რის გამოც ყველა ბათილი ბიულეტენის გადათვლას მოითხოვენ.

მისივე თქმით, დისბალანსი 20 უბანში დაფიქსირდა, რომლებიც ასევე აუცილებლად უნდა გადაითვალოს.

„ქუთაისის 124 უბნის შედეგების დათვლისას „ქართული ოცნების” კანდიდატმა ოპოზიციის კანდიდატს გაუსწრო 2222 ხმით, ამ უბნებზე საერთო ბათილი ბიულეტენების რაოდენობა იყო 2396, რაც გაცილებით მეტია ვიდრე სხვაობა კანდიდატებს შორის. ყველამ ვნახეთ როგორი ბიულეტენები იყო ჩათვლილი „ოცნების” კანდიდატისთვის და როგორი ბიულეტენები გაბათილდა ოპოზიციისთვის, ამიტომ, მოვითხოვთ ყველა ბათილი ბიულეტენის გადათვლას ოლქში და შემდეგ სასამართლოში. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ვაჩვენოთ ეს მასშტაბები. 124 უბნიდან დისბალანსი იყო 20 უბანზე, შესაბამისად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვითხოვოთ გადათვლა ამ უბნებზე”, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძის განცხადებით, კოვიდუბანზე დარეგისტრირებული 518 ადამიანიდან ოპოზიციის კანდიდატს ხმა მხოლოდ 68-მ მისცა, რის გამოც აღნიშნული უბნის გაბათილებას მოითხოვენ. ამასთან, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რეგისტრირებული 155 ადამიანიდან 123-მა “ქართული ოცნების” კანდიდატს მისცა ხმა.

„კოვიდუბანზე დარეგისტირებული იყო 518 ადამიანი, აქედან მონაწილეობა მიიღო 441-მა და მხოლოდ 68 ხმა მიიღო ოპოზიციურმა კანდიდატმა, 356 – “ქართული ოცნების” კანდიდატმა. ასეთ უბანზე იყო დისბალანსი და მოვითხოვთ არამხოლოდ გადათვლას, არამედ გაბათილებას იმიტომ, რომ ამხელა სხვაობა წარმოუდგენელია. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ასევე უპირატესობა ჰქონდა “ქართული ოცნების” კანდიდატს, 155 რეგისტრირებული ადამიანიდან 123-მა მისცა ხმა „ქართულ ოცნებას”. აქ არავითარი კონტროლის ბერკეტი ოპოზიციას არ ჰქონდა, არ ვიცით თუ რა ვითარებაში ჩატარდა ეს არჩევნები. გადასატან ყუთზე რეგისტრირებული იყო 3416 ადამიანი, რის გამოც დამკვირვებლებს ექმნებოდა პრობლემა, რომ ამ ადამიანებამდე მისულიყვნენ. გამოიკვეთა ძალიან ბევრი უბანი, სადაც რეალური მანიპულაცია და ზემოქმედება იყო იმდენად თვალსაჩინო, რომ ახდენდა გავლენას ადამიანების ნებაზე. ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ ამ უბნების გაუქმებას. იყო მოსყიდვის ფაქტები ჩამოწერილი და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას”, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.