კობახიძე: ჩვენ უმრავლესობა გვაქვს თითქმის ყველა საკრებულოში – რამდენიმეში, სადაც ასე არაა, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება

270

მთლიანობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ეს არჩევნები მოიგო მის ყველა ასპექტში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაჯამა და განმარტა, რომ რამდენიმე საკრებულოში, სადაც „ქართულ ოცნებას“ ერთპარტიული უმრავლესობა არ აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება.

მისი თქმით, ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

„რაც შეეხება შედეგების შეჯამებას, „ქართულმა ოცნებამ“ მერის არჩევნები მოიგო 64-დან 63 მუნიციპალიტეტში, რითაც ჩვენ გავაუმჯობესეთ 2017 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგი. ჩვენ პარტიას მყარი უმრავლესობა აქვს თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში. რამდენიმე საკრებულოში, სადაც „ქართულ ოცნებას“ ერთპარტიული უმრავლესობა არ აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება. ამ საკითხზე მუშაობა უკვე წარმატებით დაწყებულია. ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ე.წ. 43%-იან ბარიერს უკავშირებდნენ. როგორც მოგეხსენებათ, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების პირველ ტურში ხმების 47% მიიღო. გარდა ამისა, ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმის მეორე ტურიც, სადაც ამომრჩეველთა ხმების 55% მივიღეთ. მთლიანობაში „ქართულმა ოცნებამ“ ეს არჩევნები მოიგო მის ყველა ასპექტში. ჩვენ პრაქტიკულად გავიმეორეთ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგი და ეს შევძელით ძალიან რთული პროცესების ფონზე, რომელიც გასული 1 წლის მანძილზე გამოვიარეთ“, – განაცხადა კობახიძემ.