“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე დაფიქსირდა 150-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა, მთლიანობაში კი 23 საჩივარი დაწერეს.
ორგანიზაციის შეფასებით, ვინაიდან ბევრ საარჩევნო ოლქში კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებს შორის მცირე სხვაობა დაფიქსირდა, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებსა და პრობლემურ ტენდენციებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა საბოლოო შედეგებზე.
TI წერს, რომ შესაძლოა, საზოგადოებაში საფუძვლიანი კითხვები არსებობდეს არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით.
“ხშირი იყო ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის და საარჩევნო უბნებზე მოსული ამომრჩევლის არალეგიტიმური ხერხებით აღნუსხვის ფაქტები.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის მანძილზე შეინიშნებოდა პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს. პრობლემური იყო მიკერძოებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლების მიერ ჩადენილი არაერთი დარღვევა, რასაც ხშირ შემთხვევაში საარჩევნო კომისიებიც უწყობდნენ ხელს.
კენჭისყრის შედეგების დათვლისა და შეჯამების ეტაპზე ტენდენციის სახე ჰქონდა საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შემაჯამებელი ოქმების დედნების შედგენის პროცესის ხელოვნურად დაყოვნებისა და საოლქო საარჩევნო კომისიებთან ოქმების პროექტების წინასწარ შეთანხმების პრაქტიკას.
გარდა ამისა, არაერთ უბანზე დაფიქსირდა კომისიების მიერ ბათილი და ნამდვილი ბიულეტენების არასწორედ განაწილების ფაქტები. ცესკომ არჩევნების შედეგების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება შესული ოქმების გასაჯაროების პარალელურად დაიწყო, რაც პირველი ტურის დროს არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებაა”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
გუშინ, 30 ოქტომბერს, საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა.