“ქართული ოცნების” ბათუმის მერობის კანდიდატის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, მეორე ტურის შედეგები მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
როგორც მან განაცხადა, იგი ბათუმის მერიაში დაწყებული პროექტების გაგრძელებას გეგმავს.
„ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვეთ, ძალიან მძიმე და სიძულვილის ენით გაჯერებული ორივე ტურის მიუხედავად, რაც ჩემ მიმართ ტალახის სროლით და „ფეიკ“ ნიუსებით იყო გაჯერებული. მინდა მადლობა გადავუხადო 77 000 ამომრჩეველს, რომლებიც არჩევნებზე მივიდა და ქვეყნის მომავალ განვითარებას ხმა მისცა. პრაქტიკულად დღეიდან ვაგრძელებთ იმ პროექტებს, რომლებიც წამოწყებული გვქონდა და დიდი მოლოდინით ელოდებიან ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი პროგრამული ხედვების რეალიზება დაიწყება”, – აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.
შეგახსენებთ, წინასწარი მონაცემებით, ბათუმის მერი, მცირედი უპირატესობით, არჩილ ჩიქოვანი გახდა. ჩიქოვანმა ხმათა 51.018% დააგროვა, ხოლო მისმა კონკურენტმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, გიორგი კირთაძემ ხმათა 48.982% მიღება შეძლო.