ყველაფერ იმის გათვალისწინებით რაც გააკეთეს და რასაც ახლა აკეთებენ, ეს ნამდვილად არ იყო არჩევნები, ჩვენ არ ვაპირებთ ამასთან შეგუებას და ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას ყველა კონსტიტუციური მეთოდით, ჩვენ სხვა გზას ივანიშვილის რეჟიმი უბრალოდ არ გვიტოვებს, ეს არ არის არჩევნები, ამასთან შეგუება არ მოხდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ „ქართული ოცნება“ უფრო მასშტაბურ გაყალბებაზე გადავიდა.
„ჩვენ ვიყავით ძალიან კონსტრუქციულები, მაქსიმალურად მობილიზებულები და გავედით ამ არჩევნებზე, ჩემი აზრით, ძალიან კარგად მომზადებულები. რა მივიღეთ კენჭისყრის დღეს? დაპირისპირება პრაქტიკულად ყველა საარჩევნო უბანზე, ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზება, რომლებსაც უკვე ბეიჯებიც ჩამოკიდეს. როგორც კი უბნები დაიხურა „ქართული ოცნება“ უფრო მასშტაბურ გაყალბებაზე გადავიდა. არის ბიულეტენები, სადაც გადახაზულია ჩემი კონკურენტი, შემოხაზულია გიორგი კირთაძე და ჩაითვალა ბათილად. ასეთია უამრავი ბიულეტენი“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.