‘ქართული ოცნება” არის დაუმარცხებელი, უნდა დავასრულოთ ”ნაციონალური მოძრაობა” -გინება და ცემა-ტყეპა ბათუმის 49-ე უბანზე (ვიდეო)

837

ბათუმის 49-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველსა და კომისიის წევრს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო უბანზე მივიდა მოქალაქე, რომელსაც ხმის მიცემის დროს კომისიის ერთ-ერთ წევრთან სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდა.

”მოვიდა პიროვნება, სავარაუდოდ, ნასვამი იყო. გაიარა რეგისტრაცია და ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელთან შელაპარაკება მოუვიდა. შემდეგ ბიულეტენი ჩააგდო და გავიდა. მოგვიანებით ისევ მობრუნდა და ყვირილი დაიწყო. ის უბნიდან ჩხუბით გაიყვანეს. პოლიცია გამოძახებული იყო” – ამბობს ზურაბ კაცაძე.

დამკვირვებელი კი ამბობს, რომ  კაცი ფიზიკურად დაუპირისპირდა უბანზე მყოფ პირებს. პოლიციამ იგი ტერიტორიიდან გადაიყვანა.

”ქართული ოცნება” არის დაუმარცხებელი, უნდა დავასრულოთ ”ნაციონალური მოძრაობა”- ამბობდა მამაკაცი. შემდეგ ოლქის კომისიის წევრს ხელით შეეხო და ერთ-ერთ დამკვირვებელსაც” – აცხადებს დამკვირვებელი.

მას შემდეგ, რაც ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

სამართალდამცველებმა კაცი ჯერ პოლიციის ავტომობილში ჩასვეს, შემდეგ კი ტერიტორიიდან გაიყვანეს. უცნობია, ის დააკავეს თუ უბრალოდ ტერიტორიას განარიდეს.