ხმის მიცემა დასრულებულია. ხმის დათვლის პროცესი იწყება

200

ხმის მიცემა დასრულებულია. ხმის დათვლის პროცესი იწყება. დღეს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერებს ირჩევდნენ. 24 საარჩევნო ოლქში კი, საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრი იყო ასარჩევი.

მერის არჩევნები ტარდებოდა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, თელავი, თიანეთი, ქარელი, ხაშური, ცაგერი, ბაღდათი, წყალტუბო, ოზურგეთი, სენაკი, მარტვილი, ხობი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხელვაჩაური.

როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად 50%-იანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარი წევრებისთვის 40%-იანი ბარიერი იყო დადგენილი. სწორედ ამან 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, რიგ ქალაქებსა და საარჩევნო ოლქებში მეორე ტურების ჩატარების აუცილებლობა შექმნა.

არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ძირითადად “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები უპირისპირდებოდნენ. მეორე ტურში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც კონკურენტზე მეტ ხმას მოიპოვებს.

ხმის დათვლის პროცედურები დღეს 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.