ჩვენ ვიცით, რომ სადაც არის მელია, იქ არის პროვოკაცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს ვაზისუბნის 62-ე უბანზე მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განუცხადა.
„ეს არ ხდება პირველად, მეორედ, მეცხრედ და მეათედ. ეს მოხდა მეოცედ, ჩვენი უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში. ასეთი ტიპის რეაგირება არის სამწუხარო. მოვუწოდებ ყველას, მაგალითად მელიას, თავი შეიკავონ ასეთი პროვოკაციებისგან. სიმშვიდე არის ერთადერთი, რაც ახლა ჩვენ გვჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვაზისუბანში, 62-ე საარჩევნო უბანთან დაპირისპირება იყო. ადგილზე მხარდამჭერებთან ერთად მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, რომლებმაც უბანში ელექტროენერგიის რამდენიმეწუთიანი გათიშვა გააპროტესტეს.
საარჩევნო უბანთან მივიდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ბექა დავითულიანი და გიორგი ამილახვარიც, რომლებმაც მომხდარს „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაცია უწოდეს. მათი შეფასებით, ოპოზიციური პარტია საარჩევნო უბანზე არეულობის შექმნას ცდილობს.