მამუკა მდინარაძე, ამბობს, რომ როგორც უკვე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მათი პარტაქტივის მონაცემებით, ისევ რჩება ორი ოლქი, სადაც ოცნებისა და ენმ-ს კანდიდატების მონაცემები ერთმანეთთან მიახლოებულია.
“დამატებით მე მინდა ჩვენს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რაც პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, უკვე გაახმოვანა. ეს არის ჩვენი პარტიული აქტივის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, კვლავ რჩება ორი ისეთი მუნიციპალიტეტი, ორი საარჩევნო ოლქი, სადაც ჩვენი კანდიდატის და ოპოზიციური კანდიდატის მონაცემები ძალიან არის ერთმანეთთან მიახლოვებული. აქედან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ამომრჩეველს, მოვუწოდებთ და ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად იაქტიურონ, იმისთვის, რომ აქაც გამოვრციხოთ რევანშისტული ძალის გამარჯვება, თუნდა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ჩვენი და მათი მონაცემები მიახლოებულია ერთმანეთთან” , – თქვა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე არ ასახელებს იმ ორ ოლქს, სადაც მისი თქმით, ოცნების და ენმ-ს ხმები თანაბარია. მდინარაძის თქმით, ამ ორი ოლქის დასახელებით, ოცნების კანდიდატებს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს.
“მე არცერთ შემთხვევაში, ამ ორი საათის განმავლობაში არ ჩავაყენებ ცუდ და წამგებიან მდგომარეობაში ჩვენს რომელიმე კანდიდატს და რა თქმა უნდა არ დავასახელებ არცერთ მუნიციპალიტეტს, არ დავასახელებ არცერთ მუნიციპალიტეტს, იმიტომ რომ ამით, შეიძლება რაღაც არასახარბიელო, ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო ჩვენი კანდიდატი, ამას მე არ გავაკეთებ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ მართლაც არის ასეთი ორი მუნიციპალიტეტი და ჩვენს ამომრჩეველს მართებს მაქსიმალური აქტიურობა და ამ შემთხვევაში ყველა მუნიციპალიტეტში მივიყვანთ გამარჯვებას ბოლომდე” ,- ამბობს მამუკა მდინარაძე.
დღეს ირაკლი კობახიძემაც თქვა, რომ ენმ-ს კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში 50%-იან ზღვართან ახლოს არიან.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება.
არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეეტში ტარდება, სადაც მერებს აირჩევენ. გარდა ამისა, 24 საარჩევნო ოლქში მოსახლეობამ 42 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს.
მეორე ტურში ერთმანეთს ძირითადად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებიან. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ოპონენტზე მეტ ხმას მოიპოვებს.