ზუგდიდში არჩევნები ძირითადად მშვიდად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, განწყობა პოზიტიურია. აქტიურობს ჩვენი ამომრჩეველი და უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველ ტურთან შედარებით, ორი ათასით მეტი ამომრჩეველი გამოვიდა ამ დროისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თმით, მათი ოპონენტები ცდილობენ, ხელოვნურად შექმნან ისტერიული ფონი.
„ჩვენი მოსახლეობის განწყობა „ქართული ოცნების“ სასარგებლოა და უკვე ველოდებით „ნაციონალური მოძრაობისგან“ პროვოკაციებს. ალბათ, მათაც აქვთ ინფორმაცია, რომ ისინი ზუგდიდში აგებენ მეორე ტურს და აქედან გამომდინარე, როგორც ჩვენი სამართალდამცავები, ასევ ჩვენი აქტივი, მობილიზებულია, ყურადღებით არიან და ყველას მოვუწოდებ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი და არ აჰყვნენ პროვოკაციებს, რათა დღევანდელი დღე მშვიდობიანად მივიყვანოთ ბოლომდე, ღირსეულ გამარჯვებამდე. ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, ხელოვნურად შექმნან ისტერიული ფონი და საუბრობენ რაღაც კანონდარღვევებზე, რაც მათ გარდა არავის უნახავს. ცდილობენ, საუბნო კომისიებში შეჭრას, სადაც დაძაბული გარემოს შექმნა უნდათ, მაგრამ პოლიცია თავის საქმეს კარგად უძღვება და მაქსიმალურად ცდილობს, აღკვეთოს აჟიოტაჟი, რაც ხელოვნურად არის შექმნილი“, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.