ერთი მოქალაქის ორი პირადობის საკითხზე ცესკო განცხადებას ავრცელებს

392

წინა სტატია

ერთი პირის ორ პირადობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ცესკომ განცხადება გააკეთა. ცესკო ცნობას დეზინფორმაციას უწოდებს და განმარტავს, რომ მოქალაქე ამომრჩეველთა სიაში მხოლოდ ერთხელ არის შეყვანილი.

“აქტიურად დაიწყო თემით მანიპულირება სოციალურ ქსელებშიც და მედიაშიც სხვადასხვა ჩართული მხარეების მიერ, რომელიც ეხება ერთ პირზე გაცემულ ორ პირადობას. ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია და გაცნობებთ, რომ ეს მოქალაქე ამომრჩეველთა სიაში მხოლოდ ერთხელ არის შეყვანილი, ნაძალადევის 85-ე საარჩევნო უბანზე. აღნიშნულმა პიროვნებამ ქორწინების შემდეგ 22 ოქტომბერს შეიცვალა გვარი და გადავიდა მეუღლის გვარზე. ამ დროისთვის კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცესკოსთვის უკვე გადმოცემული ჰქონდა ამომრჩეველთა განახლებული მონაცემები. შესაბამისად, 30 ოქტომბრისთვის ვერ აისახებოდა ახალი გვარით მისი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში. აღნიშნულის თაობაზე, შესაბამისი განცხადება გაავრცელა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომაც”, — ამბობს ცესკოს პრეს-სპიკერი.

ნათია იოსელიანის განცხადებით, ამ პირს ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდა მხოლოდ ერთხელ. “ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება აზიანებს საარჩევნო პროცესს და ზიანს აყენებს ადმინისტრაციის მიმართ სანდოობას”, — აღნიშნავს იოსელიანი.

ცესკომ, ასევე განმარტება გააკეთა ამომრჩეველთა ფოტოსურათიან საჯარო სიებზე, რაც, მათივე თქმით, თითქმის ყოველ არჩევნებზე ხდება მანიპულაციის თემა;

“შეგახსენებთ, რომ ამ სიების გამოთხოვის უფლება საარჩევნო ადმინისტრაციიდან აქვთ საარჩევნო სუბიექტებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. შესაბამისად, მათ სიები კანონმდებლობის დაცვით გადაეცემათ გამოთხოვის შემთხვევაში. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში ამ საკითხთან მიმართებაში”, — ამბობენ ცესკოში.

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი თამარ კორძაია ამბობს, რომ ხმის მიცემა ყალბი პირადობებით ხდება და საზოგადოებას ერთი ადამიანის ორი პირადობის მოწმობა წარუდგინა.

თამარ კორძაიას განცხადებას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცრუ ბრალდება უწოდა.

დღეს, 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. მერი 15 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, თბილისში აირჩევა. გარდა ამისა, მეორე ტური გაიმართება 24 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგად აირჩევა 42 მაჟორიტარი.