„ქართული ოცნების“ დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო უბნებთან ეგზიტპოლები კუსტარული წესით ტარდება.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეგზიტპოლი ტარდება ადამიანების მიერ, რომლებიც საერთოდ ვერ ერკვევიან, რას აკეთებენ.
მისივე თქმით, „სავარაუდოდ, ეს იგივე ადამიანები არიან, ვინც ეგზიტპოლებს მთავარი არხისა და IPSOS-ისთვის ატარებდნენ, რაც ადასტურებს, თუ როგორ ტარდებოდა ეგზიტპოლები და რატომ იყო ამხელა აცდენა“.
„მას შემდეგ, რაც გასკდა საქმე, რომელიც მთავარი არხისა და IPSOS- ის მიერ ეგზიტპოლებისა და წინასაარჩევნო კვლევების გაყალბებას ეხება, ჯერ მოვისმინეთ, რომ ეგზიტპოლების ჩატარებას აღარ აპირებდნენ, შემდეგ რაღაც კუსტარულ პირობებში ჩატარება დააპირეს. როგორც ჩანს ახლა უბნებზე ეგზიტპოლების კუსტარულ პირობებში ჩატარებას ვაკვირდებით. საქმე არ არის იმაში, ვინ რას გამოიკითხავს. საბოლოო ჯამში, მთავარია რა რიცხვებს დაწერენ ერთ კაბინეტში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.