„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრის მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმში საარჩევნო უბნებზე 30 საჩივარი შეადგინეს, აქედან ოთხი საოლქო საარჩევნო კომისიაში წარადგინეს. როგორც მირდატ ქამადაძემ განაცხადა, საარჩევნო უბნებთან მობილიზებული არიან ე.წ. ძველი ბიჭები.
მისივე თქმით, ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ფულის გადაცემის ფაქტი დააფიქსირეს. მისი თქმით, აღნიშნულის ვიდეო მასალა აქვთ.
“მერვე საარჩევნო უბანზე მისულ მოქალაქეებს მათი გვარის გასწვრივ ხელი მოწერილი დახვდათ, ეს გვაძლევს ეჭვს, რომ სახელისუფლებო პარტია “კარუსელს” ატრიალებს. უბანზე 100 მეტრის რადიუსში გარეშე პირთა ყოფნა არ შეიძლება, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” ე.წ ძველ ბიჭებს ბეიჯი ჩამოკიდა და ლეგალური გახადა მათი იქ ყოფნა. ეს ადამიანები რეალურად ამომრჩევლებზე ზეწოლას ახორციელებენ. ჯავახიშვილის ქუჩაზე თანხის გადაცემის ფაქტია დადასტურებული, ამის ვიდეო მასალა გვაქვს”, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.