„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქუთაისის მე-14 უბანზე თანხის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა, რასაც ადგილზე მყოფ ჟურნალისტზე თავდასხმა მოჰყვა.
როგორც დეკანოიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, მე-14 უბანზე აღმოჩენილ სიებში მიწერილია თანხების ოდენობები და კოორდინატორებს უბნის გარეთ ხელში უჭირავთ ის სიები, რომელიც არის სამაგიდო.
“ქუთაისის მე-14 უბანზე მოხდა თანხების გადაცემა, იმ ფურცელზე, რომელიც „ქართული ოცნების“ კოორდინატორს ჰქონდა, თანხებია მიწერილი. ამავე უბანზე მოხდა ჟურნალისტზე თავდასხმა, როდესაც აგრესიულად განწყობილმა „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა და კომისიის რამდენიმე წევრმა ჟურნალისტზე იძალადა.
ჩვენ ხელში ჩაგვივარდა მე-14 უბნის სიებიც, კოორდინატორმა დატოვა ეს სიები და შემდეგ გაიქცა ადგილიდან. მიწერილია ფულის გადაცემის თანხების რაოდენობები და კოორდინატორებს ხელში უჭირავთ ის სიები, რომელიც არის სამაგიდო.
ყველა დარღვევაზე, რომელზეც ჩვენმა დამკვირვებლებმა მოახდინეს რეაგირება, დაუყოვნებლივ არის საჩივარი დაწერილი. მივმართავ საოლქო საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ გამოასწოროს ეს ყველაფერი, ვინაიდან ძალიან მძიმე იქნება შედეგები“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.