მდინარაძე: მოვუწოდებ მედიის ყველა წარმომადგენელს – თავი დაანებონ იმ ადამიანების ბულინგს, რომლებსაც სიები უჭირავთ, რადგან მათ ამის ლეგიტიმური უფლება აქვთ

251

მოვუწოდებ მედიის ყველა წარმომადგენელს – თავი დაანებონ იმ ადამიანების ბულინგს, რომლებსაც სიები უჭირავთ, რადგან მათ ამის ლეგიტიმური უფლება აქვთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ყველას, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის, თუ იცავს 100-მეტრიან დისტანციას, აგიტაციის უფლებაც კი აქვს.

„სადაც ხელოვნურად შექმნილი პროვოკაციული ფონი არ არის, ყველგან მშვიდად მიმდინარეობს არჩევნები, არსებითი დარღვევების გარეშე. ოღონდ ხედავთ სერიოზულ პროვოკაციებს და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ძირითადად ეს პროვოკაციები, ჩვენი წარმომადგენლების  ბულინგი მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებისა და ჟურნალისტების მხრიდან.

მინდა, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია მოგცეთ კანონის შესაბამისად. ყველას, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის, თუ ის იცავს 100-მეტრიან დისტანციას, აქვს უფლება გასწიოს აგიტაციაც კი, არათუ ჰქონდეს სიები, რომელიც მოიპოვება ცესკოს საიტზე და ღია წყაროებში, მოახდინოს ამომრჩევლის მობილიზება, აწარმოოს სააგიტაციო მუშაობაც კი (100-მეტრიანი რადიუსის გარეთ). ამის მიუხედავად, იმ მიზნით, რომ დაბნეულობა გამოიწვიონ ჩვენს წარმომადგენლებში, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების ჟურნალისტები ჩვენს წარმომადგენლებს დასდევენ, ცდილობენ მათ ბულინგს და ეკითხებიან, რატომ აქვთ სიები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.