დეკანოიძე: მუნიციპალური სამსახურის და სუს-ის წარმომადგენლებმა ქუთაისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს

540

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, მუნიციპალური სამსახურისა და სუს-ის წარმომადგენლებმა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს. როგორც დეკანოიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თავად დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა მიმართეს და აქტიური ჩარევის შედეგად პირადობის მოწმობები უკან დაუბრუნდათ.

„მინდა პირდაპირი გაფრთხილება მივცე მუნიციპალურ სამსახურს და სუს-ს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს ჩამოართვან პირადობის მოწმობები. ჩვენი აქტიური ჩარევის შემდეგ რამდენიმე ადამიანს პირადობის მოწმობა უკან დაუბრუნეს, მაგრამ გვაქვს ფაქტები და ამაზე აუცილებლად შევიტანთ პროკურატურაში საჩივარს, ეს გულისხმობს ადამიანებისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას”, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.