დამკვირვებლის თქმით, რუსთავში რეგისტრატორი ამომრჩევლის რიგით ნომრებს ცალკე ფურცელზე ინიშნავდა

302

რუსთავის მე-2 საარჩევნო უბანზე მყოფი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის,  ოლმედიას წარმომადგენლის განცხადებით, დაინახა, როგორ ინიშნავდა რეგისტრატორი ამომრჩევლის რიგით ნომრებს ცალკე ფურცლებზე. როგორც ადგილზე მყოფი On.ge-ის ჟურნალისტი იუწყება, აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი დაწერა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა.

უბნის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ თავად დაავალა რეგისტრატორებს ცალკე ფურცელზე ჩაეწერათ ამომრჩეველთა ნომრები, რათა საათში ერთხელ დაეთვალათ მისული ამომრჩევლების რაოდენობა. ჩვენს კითხვაზე, აუცილებელი იყო თუ არა ნომრის ამოწერით დათვლა, თავმჯდომარე ასე პასუხობს:

“როგორ უნდა ამოგვეწერა? სახელი და გვარით? ეგ ხომ უკვე დარღვევაა? აბა, რითი ამოვიწერო? თქვენ მითხარით”.

მისივე თქმით, ეს მათი ტაქტიკა იყო, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა დაეთვალათ.

“ჩვენ გვქონდა ასეთი შემუშავებული ტაქტიკა, რომ ყოველ საათში ერთხელ მე ამ ნომრებით შევამოწმებდი, რამდენი ამომრჩეველი მივიდა კონკრეტულად რეგისტრატორთან, შემდეგ უკვე ხელმოწერებსაც ვითვლიდით და ვაჯამებდით, ოღონდ ჩვენ გვქონდა შინაგანი განწესება, რომ ერთ საათში ერთხელ გავაკეთებდით ამ მონაცემებს, რომ ბოლოს ბალანსი დაგვეცვა”, — განაცხადა თავმჯდომარემ.

თავმჯდომარის თქმითვე, როცა საჩივარი დაიწერა, მათ ეს “დარღვევა” აღმოფხვრეს, თუმცა მოგვიანებით თავადვე უარყო, რომ მომხდარი დარღვევა იყო. მისი განცხადებით, დამკვირვებელი უბანზე მისვლისთანავე “პროვოკაციულად იქცეოდა”.

ამასთან, ჩვენი ჟურნალისტის ცნობით, დამკვირვებლის გაძევების კენჭისყრას აპირებდნენ, როდესაც უბანზე ხმის მისაცემად ქართული ოცნების კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე მივიდა და სიტუაცია დამშვიდდა. თუმცა თავმჯდომარე ამბობს, რომ თუ დამკვირვებელი “პროვოკაციულ” ქმედებებს გააგრძელებს, ტერიტორიიდან გააძევებენ. თავმჯდომარის თქმით, გაძევებას იმიტომ აპირებდნენ, რომ მან სამაგიდო სიას ფოტო გადაუღო.

“საჩივარი დაიწერა, მივიღეთ საჩივარი, აღმოვფხვერი ეს დარღვევა, მაგრამ მაინც გააგრძელა ამ ქალბატონმა პროვოკაციული [ქმედებები]. მე ეს ჩემთვის მქონდა გაკეთებული, რომ დამეცვა ბალანსი ყოველ ერთ საათში ერთხელ, არა, რატომ არის დარღვევა?” — აცხადებს ის.

დღეს, 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მერი 15 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, თბილისში აირჩევა. გარდა ამისა, მეორე ტური გაიმართება 24 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგად აირჩევა 42 მაჟორიტარი.