მინდა, მწუხარება გამოვხატო მზარდი პოლარიზაციისა და მწვავე რიტორიკის გამო – ჰარცელი

298

“მინდა მწუხარება გამოვხატო მზარდი პოლარიზაციისა და მწვავე რიტორიკის გამო, რომელიც იყო, მათ შორის, მეორე ტურის დროს. ეს სამწუხაროა არა მხოლოდ თავად არჩევნებისთვის, არამედ პრობლემაა საქართველოს წინსვლისთვის არჩევნების დასრულების შემდეგ”,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჰარცელის თქმით,  უნდა შეიქმნას ნდობა მხარეებს შორის, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგებით დასრულება არჩევნების მეორე ტური.

ევროკავშირი მუშაობს მრავალი წლის განმავლობაში, რათა საქართველოს დაეხმაროს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაში, მათ შორის, ეხმარებოდა ამ ადგილობრივი არჩევნებისთვის. ჩვენ ვცდილობდით მაქსიმალური დახმარების გაწევას, რათა შეგვექმნა მაქსიმალურად მტკიცე საარჩევნო პროცესი. მე ჩემს საბოლოო შეფასებას მას შემდეგ გავაჟღერებ, რაც ამას ოდირისა და სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლები გააკეთებენ, მაგრამ აქვე მინდა მწუხარება გამოვხატო მზარდი პოლარიზაციისა და მწვავე რიტორიკის გამო, რომელიც იყო, მათ შორის, მეორე ტურის დროს. ეს სამწუხაროა არა მხოლოდ თავად არჩევნებისთვის, არამედ პრობლემაა საქართველოს წინსვლისთვის არჩევნების დასრულების შემდეგ, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგებით დასრულდება არჩევნები. წინსვლა არის ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება, ასე რომ, ბევრი მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაწევი, რათა აშენდეს ხიდები და ნდობა მხარეებს შორის, რათა წარმატების მიღწევა შესაძლებელი გახდეს.

საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ მოხარული ვარ, რომ ეუთო/ოდირის მისია კვლავ გრძელდება საქართველოში, რათა დააკვირდეს არჩევნებს და ასევე, გვყავს ახალი დელეგაცია ევროპარლამენტიდან, რომელმაც უკვე ჩაატარა რამდენიმე შეხვედრა გასული დღეების განმავლობაში და ახლა ისინი თავის საქმიანობას ახორციელებენ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ჩვენ ველით მათ შეფასებას ხვალ საღამოს, რის შემდეგაც მე შევკრებ ჩემს კოლეგებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, რათა გავაჟღეროთ ამ არჩევნების ჩვენი შეფასება,“- განაცხადა ჰარცელმა.