“ქართულმა ოცნებამ” აგიტაციის ახალ მეთოდს მიმართა. ადამიანებს, რომლებსაც არჩევნების პირველ ტურში მმართველი პარტიის აგიტაცია უბნების გარეთ უწევდათ, საქმე გაუმარტივეს და უბნების შიგნით შეიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ამ მხრივ რთული ვითარებაა ქარელში, სადაც დილიდან “ოცნების” კოორდინატორები სხვდასხვა არასამთავრობოების სახელით ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. საარჩევნო უბნებზე მმართველი პარტიის წევრები და პროპორციული სიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან, რომლებიც უბნის შიდ სივრცეში აგიტაციას ეწევიან.
34-ე უბანთან ოცნების ქარელის საკრებულოს სიის მეშვიდე ნომერი ანტონ ახმედოვი „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის“ ბეიჯით იყო მისული და ამბობდა, რომ ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს.
ადგილზე რჩება ქარელის მერიის თანამშრომელი სოსო შავდათუაშვილი, რომელსაც „კავშირი – მწვანე დედამიწას“ ბეიჯი აქვს და თავს არასამთავრობოს წარმომადგენლად ასაღებს.