პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, ადამიანები, რომლებმაც პირველ ტურში გახარიას პარტიას დაუჭირეს მხარი, მეორე ტურში ხმას „ქართულ ოცნებას” მისცემენ, რადგან ეს მათთვის ღირებულებითი არჩევანია

280

დარწმუნებული ვარ, ადამიანები, რომლებმაც 2 ოქტომბრის არჩევნებში გიორგი გახარიას და მის პარტიას დაუჭირეს მხარი, მეორე ტურში ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემენ, რადგან ეს მათთვის ღირებულებითი არჩევანია, – აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების” დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილი პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტია “საქართველოსთვის” ბათუმის საკრებულოს წევრის და ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ირაკლი თავდგირიძის მიერ პარტიის დატოვებას გამოეხმაურა და როგორც განაცხადა, ადამიანმა დაინახა, რომ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერები “ნაციონალურ მოძრაობასთან” გარიგებისკენ მიდიან.

“მან პირდაპირ განაცხადა, რომ არ შეეგუება იმას, რომ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერები ცდილობენ ან აზრად აქვთ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მოლაპარაკება გამართონ. ეს წარმოუდგენელია! იცით, რომ გიორგი გახარიას პარტიას ჩვენი მხარდამჭერების ნაწილმა მისცა ხმა და ადამიანებმა, რომლებიც 2012 წლის შემოქმედები არიან ან 2012 წლის იდეებს იზიარებენ წარმოუდგენელია, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” გარიგება დაუშვან. როგორც ჩანს, ამ ადამიანმა სწორედ ეს დაინახა, რომ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერები სწორედ ამ გარიგებისკენ მიდიან. ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო! მინდა გიორგი გახარიას პარტიის ამომრჩევლებს მოვუწოდო, ხვალ დგება ღირებულებითი არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს შორის, სიმართლესა და ტყუილს შორის, სამართლიანობასა და უსამართლობას შორის, თანადგომასა და ჩაგვრას შორის. ამ არჩევანში არჩევანი არის საკმაოდ ნათელი – “ქართული ოცნებაა” იქეთ, საითკენაც არის სინათლე, სიმართლე, თანადგომა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.