თორნიკე რიჟვაძე: ბათუმის საკრებულოებში „ქართული ოცნება“ უმრავლესობით იქნება

282

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, საკრებულოებში „ქართული ოცნება“ უმრავლესობით იქნება.

თორნიკე რიჟვაძე ბათუმის საკრებულოში „გახარია-საქართველოსთვის“ პარტიის წევრი დეპუტატის, ირაკლი თავდგირიძის გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ყველაფერი კარგად იქნება. არჩევნებშიც გავიმარჯვებთ და საკრებულოებშიც მერწმუნეთ, რომ უმრავლესობით ვიქნებით. შემდეგი წლების განმავლობაში გავაგრძელებთ როგორც ამ ქალაქის ამ, რეგიონის და ქვეყნის მართვას“, – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

ინფორმაციისთვის, ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში მანდატების უმრავლესობა შესაძლოა, ოპოზიციას ჰქონდეს. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის საკრებულოში 16 მანდატი მოიპოვა, რომელთაგან 12 პროპორციული წესით მიიღო, ოთხ დეპუტატს კი, მაჟორიტარული ოლქებიდან შეიყვანს.

წინასწარი მონაცემებით, 15 მანდატი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელთა კანდიდატებმაც სამ მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა. 12 „ნაციონალი“ დეპუტატი საკრებულოში პროპორციული სიით შევა.

ბათუმის საკრებულოში სამი წევრი გიორგი გახარიას პარტიას ეყოლება და ერთი დეპუტატით პარტია „ლელო“ იქნება წარმოდგენილი, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ გახარიას პარტიის რიგებიდან ბათუმის საკრებულოში შესულმა ერთ-ერთმა დეპუტატმა, ირაკლი თავდგირიძემ პარტია დატოვა.