ქუთაისის მერიას წინასაარჩევნოდ ავტობუსების შეძენის გეგმა ჩაეშლა

251
ქუთაისის მერიას წინასაარჩევნოდ ავტობუსების შეძენის გეგმა ჩაეშლა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

საუბარია, 30 ახალი ავტობუსის შესყიდვაზე.  ასევე არ განხორციელდა რვა მცირე ზომის ავტობუსის ჩამოყვანის პროექტი, რომელიც მერიას რელიეფურად რთული უბნებისთვის უნდა ეყიდა. თვითმმართველობაში ადასტურებენ, რომ შესაბამისი განკარგულება არც გამოცემულა.

რეგიონების განვითარების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ხელისუფლებისთვის სულ 21 პროექტი ჰქონდა წარდგენილი. მათ შორის იყო ავტობუსების შეძენაც, თუმცა, როგორც ირკვევა, პროექტები არ დაფინანსდა.

რატომ ეთქვა უარი ქუთაისს ახალი ავტობუსების შეძენაზე, ამაზე ქუთაისის მერიაში დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ აღნიშნული პროექტები არ შეირჩა.

ქუთაისის მერიამ ახალი მუნიციპალური ავტობუსები გასულ წელს შემოიყვანა. ამისთვის თვითმმართველობამ 23 მილიონი ლარი ისესხა, რომელიც 10 წელი უნდა იხადოს.

ქუთაისში სულ 10 საავტობუსო ხაზია, სადაც 60 ერთეული ავტობუსი მუშაობს.