ეს არ არის რიგითი, ჩვეულებრივი არჩევნები – ენმ-ის რუსთავის მერობის კანდიდატის მიმართვა

559

„ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ მისი მერობის შემთხვევაში რუსთავში მცხოვრებ ოჯახებს მიწის ნაკვეთები გადაეცემათ და მფლობელობაში არსებული ნაგებობები დაუკანონდებათ.

ამასთან, როგორც კირკიტაძე ვიდეო-მიმართვაში აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ დაპირებები და რუსთავში არსებული რეალობა აცდენილია.

„როდესაც მე რუსთავის მერი გავხდები, მეორე დღიდან, დავიწყებთ ზრუნვას იმაზე, რომ რუსთავში 15 ათასმა ოჯახმა მიწის ნაკვეთი მიიღოს, რუსთაველებს დაუკანონდეთ საკუთრება, რომელიც მათ მფლობელობაშია – იქნება ეს ავტოფარეხი, თუ დამხმარე სათავსო ნაგებობები. ასევე ვიზრუნებთ, რომ საჯარო სკოლის ყველა მოსწავლემ მიიღოს უფასო კვება ბიუჯეტის ხარჯზე. ხედავთ, როგორ არის აცდენილი „ქართული ოცნების“ დაპირებები და ის რეალობა, რა რეალობაშიც რუსთაველები ცხოვრობენ. თითოეულმა რუსთაველმა კარგად იცის, რა ესაჭიროებათ მათ. „ქართული ოცნება“ კი ძალიან შორსაა იმისგან, რაც რუსთაველებს ესაჭიროებათ. ამიტომ ახლა, გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. ეს არ არის რიგითი, ჩვეულებრივი არჩევნები. ოპოზიციური კანდიდატისთვის მიცემული თითოეული ხმა ნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის მიცემულ ხმას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის, ქალაქებისა და სოფლების განვითარებისთვის. ძალიან მშვიდად და წყნარად მივიდეთ არჩევნებზე, გავაკეთოთ არჩევანი უკეთესი რუსთავისთვის, ჩვენი ოჯახების უკეთესი მომავლისთვის“,- განაცხადა კირკიტაძემ.