„მიუხედავად პანდემიისა, წელსაც, ბიუჯეტი ზრდით იგეგმება. ის არის უპრეცედენტო ისტორიულ მაქსიმუმზე – 436 მილიონი ლარით განისაზღვრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი“, – განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერის საერთო მოცულობა 135 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
„ამ დაფინანსების ფარგლებში, თითოეულ მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე – სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების გაზრდა იგეგემება. ამით, რეგიონის ათასობით მცხოვრები ისარგებლებს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ეს ბიუჯეტი გავხადოთ აჭარაში მცხოვრები თითოეული ოჯახის განათლების, დასაქმების, უკეთესი პერსპექტივისა და, რაც ყველაზე მთავარია, შემოსავლების ზრდის ბიუჯეტად. ის სწორედ ამ პრიორიტეტების მიხედვით არის დაგეგმილი“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.