IRI: არჩევნების დღის მშვიდ გარემოში ჩატარების მიუხედავად, მეტის გაკეთებაა საჭირო, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მშვიდობიანი და სამართლიანი გარემო იყოს უზრუნველყოფილი

224

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების ანგარიში ხაზს უსვამს საარჩევნო რეფორმების მნიშვნელობას, ამავდროულად აღნიშნავს შემაშფოთებელ ტენდენციებს წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების ტექნიკური შეფასების მისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც მიმოიხილავს წინა საარჩევნო პერიოდსა და არჩევნების პირველ ტურს.

ანგარიში ხაზგასმით აღნიშნავს 2021 წლის საარჩევნო რეფორმის შედეგად მიღებულ პოზიტიურ ცვლილებებს, არასტაბილურ საარჩევნო გარემოს და გადათვლების თანმდევ სადავო შედეგებს.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ჩატარდა საქართველოს პარლამენტის მიერ, ივნისში, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით. აღნიშნული ცვლილებები შეეხება საარჩევნო კომისიის წევრების შემადგენლობას, საარჩევნო კამპანიის რეგულაციებს, ხმის დათვლისა და საჩივრების განხილვის პროცედურებს და საკრებულოების დაკომპლექტების წესს. მიღებულმა ცვლილებებმა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვა, თუმცა ის სრულ თანხვედრაში არ არის საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების რეკომენდაციებთან.

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო საგრძნობლად გაუმჯობესდა, რამაც საარჩევნო ადმინისტრაციის სანდოობას გარკვეულწილად ხელი შეუწყო. იმის მიუხედავად, რომ რეფორმები შორს არის სრულყოფილებისგან, პროგრესი შესამჩნევია”, – განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის რეგიონალურმა დირექტორმა, სტეფან ნიქსმა.

ამავე ინფორმაციით, IRI-ის ანალიტიკოსების გუნდმა, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გამოავლინა ძალადობის მზარდი ტენდენცია, ამომრჩევლების და არჩევნებში მონაწილე სუბიექტების დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევები და ადმინისტრაციული რესურსის პარტიული ინტერესებისთვის გამოყენება, რამაც, თავის მხრივ, წაშალა ზღვარი მთავრობასა და მმართველ გუნდს შორის. საარჩევნო უბნებზე, ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ გარემოში წარიმართა. დაფიქსირდა რიგი პროცედურული დარღვევები, თუმცა მათ სისტემური ხასიათი არ ჰქონია. ამავდროულად, საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა შენიშნეს პარტიების წარმომადგენლების მობილიზაცია, რომლებიც საარჩევნო უბნების გარეთ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ.

„ამომრჩეველთა და კანდიდატთა დაშინება, ასევე პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის მზარდი ტენდენცია ნებისმიერი დემოკრატიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. არჩევნების დღის მშვიდ გარემოში ჩატარების მიუხედავად, მეტის გაკეთებაა საჭირო იმისათვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მშვიდობიანი და სამართლიანი გარემო იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენი ანგარიში ცხადყოფს ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების გადაუდებელ აუცილებლობას”, – განაცხადა სტეფან ნიქსმა.

ანგარიში დამატებით აღნიშნავს, რომ სავალდებულო უბნების გადათვლამ, რომელმაც ოქმებში 33%-იანი დისბალანსი გამოავლინა, გამოიწვია რიგი სადავო პროცესები. მნიშვნელოვანია, რომ აღმოჩენილი დისბალანსის შედეგად გადანაწილებულ ხმებს პირველი ტურის საერთო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

ინფორმაციისთვის, IRI-იმ 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების ტექნიკური შეფასების მისია 2021 წლის 8 სექტემბერს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით დაიწყო. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი 2003 წლიდან არის ჩართული საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებაში. IRI ხელს უწყობს ქვეყანაში წარმომადგენლობით, ინკლუზიურ, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის შექმნას. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, IRI მუშაობს პოლიტიკური პარტიების გაძლიერებისთვის და პოლიტიკურ პროცესებში ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების, მათ შორის ქალებისა და ახალგაზრების როლის გაზრდისთვის.