საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისათვის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 4 საარჩევნო ოლქში სადამკვირვებლო პროგრამას განახორციელებს. „მრავალეროვანი საქართველოს“ ინფორმაციით, სადამკვირვებლო პროგრამა კრწანისის #4, ისნის #5, სამგორისა #6 და რუსთავის #20 საარჩევნო ოლქებს მოიცავს.
„სადამკვირვებლო პროგრამა ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
სადამკვირვებლო პროგრამა განხორციელდება 170 მოკლევადიანი, მათ შორის 132 საუბნო, 33 მობილური ჯგუფის, 4 საოლქო საარჩევნო კომისიისა და 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებლის მეშვეობით.
არჩევნების დღეს „მრავალეროვანი საქართველო“ ქართულ და ინგლისურ ენებზე პერიოდულად გაასაჯაროებს სადამკვირვებლო პროგრამის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციას და შესაბამისად შეაფასებს საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის, ხმის მიცემის, საარჩევნო უბნების დახურვის, ხმების დათვლისა და შეჯამების პროცესს.
სადამკვირვებლო პროგრამის ფარგლებში, ქალაქ თბილისში იფუნქციონირებს პროგრამის საკოორდინაციო ცენტრი, რომლის მეშვეობითაც ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ სუბიექტებსა და მედიის წარმომადგენლებს მიეწოდება საარჩევნო ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
გარდა აღნიშნულისა, იფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ექნება ინფორმაცია მიაწოდოს სადამკვირვებლო პროგრამას, ადგილზე გამოვლენილი საარჩევნო ხასიათის დარღვევების ან ტენდენციების თაობაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.