“ქართული ოცნების” მიერ გამართული აქციის გამო, გუშინ მთელი დღის განმავლობაში საუბნო კომისიები დაკეტილი იყო. მიზეზი აქციაზე კომისიის წევრების წაყვანა გახდა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ამ გადაწყვეტილებამ ამომრჩეველს პრობლემები შეუქმნა, რადგან გადასატანი ყუთების სიების რეგისტრაციის ვადა სწორედ გუშინ იწურებოდა და ამის გამო, მოქალაქეების ნაწილმა სიაში დარეგისტრირება ვერ შეძლო.
ერთ-ერთი საუბნო კომისიის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ კომისიის თავმჯდომარეც, მდივანიც და მისი მოადგილეც, გუშინ თავისუფლების მოედანზე იმყოფებოდნენ.
“მონიტორინგის ჯგუფმა გუშინ შემოიარა უამრავი საარჩევნო უბანი და აღშფოთებული ვართ შედეგებით იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ იყო გადასატან ყუთზე რეგისტრაციის ბოლო ვადა და ბევრი უბანი იყო დაკეტილი. უბანზე თუ იყო ერთი პირი, გვეუბნებოდა რომ ეს ადამიანები არიან აქციაზე წასულები. საკმაოდ ბევრი მუხლი ირღვევა, მხოლოდ ერთ დარღვევაზე აქ არ არის საუბარი”, – თქვა სამოქალაქო საარჩევნო კომისიის აქტივისტმა აკაკი ხუსკივაძემ.
მომხდარს ეხმაურებიან ოპოზიციაშიც. “ნაციონალური მოძრობის” წევრი, საკრებულოს დეპუტატი გიორგი ონიანი ამბობს, რომ კომისიის წევრებს პარტიულ ღონისძიებებზე დასწრება ეკრძალებათ.
“გუშინ, “ქართული ოცნების” პარტიულ ღონისძიებაზე ბევრი საჯარო მოხელე იყო, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ეს ძალადობა მათ განახორციელეს კომისიის წევრებზეც, რომლებიც არიან ცესკო-ს მიერ დანიშნული და საზოგადოებას იმედი უნდა ჰქონდეს, რომ სწორედ ეს ადამიანები განაპირობებენ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. მათ ეკრძალებათ ყველანაირ პარტიულ ღონისძიებაზე დასწრება”, – თქვა გიორგი ონიანმა.