ლევან იოსელიანი: არჩევნების მეორე ტურში არცერთ კანდიდატს ჩვენ მხარს არ ვუჭერთ

278

ჩვენ არჩევნების მეორე ტურში არცერთ კანდიდატს მხარს არ ვუჭერთ. არჩევნებზე მივალ და ორივე კანდიდატს გადავხაზავ, თუ საერთოდ არ მივალ არჩევნებზე, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცესპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

ვიცესპიკერმა განმარტა, რომ როცა არჩევანი არ არსებობს, უმჯობესია არჩევანის გაკეთებისგან თავი შეიკავო.

ამასთან, იოსელიანი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენილი ჩრდილოვანი კაბინეტი სერიოზულ ამბად არ მიაჩნია.

„ჯერ არჩევნები უნდა მოიგო და კონსულტაციები ამის შემდეგ დაიწყო. ჩრდილოვან კაბინეტს აზრი მაშინ ექნებოდა, თუ იქ ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ვიხილავდით და არა მხოლოდ იმ პარტიების წარმომადგენლებს, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში, 2020 წლის არჩევნებიდან მოყოლებული, ისედაც ერთ აზრზე იყვნენ. რეალური კოალიცია ერთ მაგიდასთან განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების დასხდომას გულისხმობს და არა ერთი აზრის მქონე ადამიანების ერთად ყოფნას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, იოსელიანი არ გამორიცხავს რამდენიმე ადგილას, სადაც ოპოზიცია ლიდერობდა ან ოპოზიციის კანდიდატის მონაცემები სახელისუფლო კანდიდატის მონაცემებთან ახლოს იყო, არჩევნების მეორე ტურში სწორედ ოპოზიციამ გაიმარჯვოს.

„თბილისში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას ნაკლებად ველი“, – დასძინა ლევან იოსელიანმა.