2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის, ამომრჩეველთა სიებში შესწორებების შეტანის ვადა ამოიწურა, თუმცა, სიებში ეგრეთ წოდებული „მკვდარი სულები“ ისევ რჩებიან.
როგორც ადგილზე „სამხრეთის კარიბჭეს“ საუბნო–საარჩევნო კომისიის წევრებმა განუმარტეს, ერთ–ერთი გარდაცვლილის რამაზ ტაბატაძის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ და საოლქო კომისიას შესასწორებლად მიმართეს კიდეც. რაც შეეხება დანარჩენ ორს, ოთარ და ამირან გელაშვილებს, საუბნო კომისის წევრებს მათ შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და შესაბამისად არც საოლქოსთვის მიუმართავთ.
გრდაცვლილების ოჯახის წევრებთან გასაუბრება ვერ მოვახერხეთ, თუმცა „სამხრეთის კარიბჭემ“ სოფელ საყუნეთში ადგილობრივებთან გაარკვია, რომ აღნიშნული პიროვნებები დაახლოებით ორი თვის წინ გარდაიცვალნენ.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ გარდაცვლილი ამომრჩევლების კვლავ სიაში ყოფნა, საუბნო–საარჩევნო კომისიებისა და ასევე, გარდაცვლილების ოჯახის წევრების ბრალეულობაა.
„კომისიის წევრებს კარგად უნდა გაეკითხათ თავიანთ საარჩევნო უბანზე ვინ იყო გარდაცვლილი და საოლქოსთვის ეცნობებინათ. ასევე, ამომრჩეველმაც უნდა გადაამოწმოს თავისი თავი და ახლობლები, რომ მსგავსი შემთხვევის დროს, გარდაცვალების შესახებ აცნობოს საარჩევნო ადმინისტრაციას“,–განმარტავს საიას იურისტი ქეთი ბებიაშვილი.
N12–ე აგარის საარჩევნო უბანზე, საარჩევო სიაში, მხოლოდ ეს დარღვევა არ არის. საუბნო კომისიის წევრების თქმით, სიაში იყო შეცდომა ამომრჩეველთა რეგისტრაციასთან დაკავშირებითაც – აგარის უბანზე იყო მიწერილი სამი პირი სომხურენოვან სოფელ წინუბნიდან და ეს იმან გამოიწვია, რომ ამ უბანზე, მეორე, ქართულენოვანი წინუბნის მცხოვრებლები აძლევენ ხმას. საუბნო კომისიაში ამბობენ, რომ საოლქო კომისას ამ ხარვეზის შესახებაც აცნობეს.
„მკვდარი სულები“ აღმოჩნდნენ N17–ე ჭაჭარაქის საარჩევნო უბნის სიაშიც. ამ უბანში სამი სოფლის: მინაძის, ჭაჭარაქისა და ღრელის მოსახლეობა აძლევს ხმას. აქ 1018 ამომრჩეველი ფიქსირდება, უბანზე კომისიის ერთ–ერთი წევრის, კობა მელიქიძის თქმით, სიაში ხუთი გარდაცვლილია, რომლის შესახებაც საოლქო საარჩევნო კომისიას შეატყობინეს.
სიებში ეგრეთ წოდებული „მკვდარი სულების“ არსებობის შესახებ, დღეს, სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის მერობის კანდიდატმა ირაკლი ბარძიმაძემ. მან აგარის საარჩევნო უბნის მაგალითი მოიყვანა: „ნამდვილად რომ არ გვქონდეს ათობით გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია, ვინც სიაშია, ამაზე პრესკონფერენციას არ გავმართავდი“.
სიებში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ „ევროპული საქართველოს წევრებიც.
„სამ ოქტომბრამდე იყო შესწორების ვადა, თუმცა ჩვენ არ შეგვიტანია საჩივრები. ახალ სიებში, როდესაც გამოიკვრება, იქნება თუ არა არ ვიცი, ვნახავთ“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე.
ამომრჩეველთა სიები საარჩევნო უბნებზე 21 სექტემბერს გამოიკრა. ამომრჩეველს საკუთარი თავის გადამოწმება და ხარვეზების შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიისათვის მიმართვა, 3 ოქტომბრამდე შეეძლო.
N37–ე ახალციხის საოლქო–საარჩევნო კომისიაში, სიაში შესწორების შეტანის მოთხოვნით, 10 განცხადება შევიდა. ამათგან, სამ გამცხადებელს უარი ეთქვა, სამი დაკმაყოფილდა, ხოლო ოთხს წერილობით ეცნობა, რომ სხვა მისამართზე იყო რეგისტრირებული.
საოლქო კომისიების მიერ განახლებული მონაცემები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სრულად დღეს, 6 ოქტომბერს გადაეცა. ცესკომ, ქვეყნის მასშტაბით, 3 496 461 პოტენციური ამომრჩევლის მონაცემები მიიღო. შესწორებული ნუსხა საარჩევნო უბნებზე არჩევნებამდე ორი დღით ადრე, 19 ოქტომბერს უნდა გამოიკრას. ოპოზიციური პარტიებს უჭირთ დაჯერება, რომ ამომრჩეველთა სიაში ხარვეზები გამოსწორებული იქნება.
„რაიონის მასშტაბით ამოწერილი გვყვავს ყველა „მკვდარი სული“. ჩვენი წარმომადგენლები, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებზე გააკონტროლებენ ყველა ხელმოწერას და თუ არ მოიყვანეს გაცოცხლებული ეს მკვდარი სულები, ეს იქნება მათი სისხლის სამართლებრივი დანაშაული“, – ამბობს ირაკლი ბარძიმაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.