ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელ საარჩევნო აქციაზე, ხობის საკრებულოს ახლადარჩეული წევრი გუკა ქარდავა ჟურნალისტისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს.
POSTV-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მტკიცებით, მათ არაფხიზელ მდომარეობაში მყოფი ქარდავა თავს დაესხა. ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტი უკვე გამოიკითხა.
„მასალას ვაგორებდი ტელევიზიაში, როცა ჩემთვის უცნობი პიროვნება, რომელიც აღმოჩნდა მეგის ქარდავას ბიძაშვილი და ხობში „ნაცმოძრაობის“ საკრებულოს სიის მეორე ნომერი, დააკვირდა ჩემს კამერას, შეხედა ლოგოს და დედის გინებით, ხელების ქნევით წავიდა. პოლიცია შეესწრო ამ ამბავს და თვითონ მოახდინეს რეაგირება“, – ამბობს ნათია ბერიძე.
„ნაცმოძრაობის“ წევრის წინააღმდეგ საქმე 166-ე მუხლით არის აღძრული. ის ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.