„ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პატიმარია.
როგორც მან ზუგდიდში ოპოზიციის წარდგენაზე განაცხადა, 30 ოქტომბრის არჩევნებს აუცილებლად მოჰყვება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლება შეიცვლება.
„დღეს, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად უჭირს, თავისი სიცოცხლის რისკის ფასად საქართველოში დაბრუნდა ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და ის დღეს საპყრობილეშია. ის არის დღეს პუტინის და ივანიშვილის რეჟიმის პატიმარი, მაგრამ ჩვენ – ვერც ზუგდიდი, ვერც სენაკი, ვერც საქართველო, ვერავინ, ვერასდროს დაუშვებს და ვერ გაიმეორებს შეცდომას. ის ძალიან მალე შემოუერთდება ჩვენს ბრძოლას, ბრძოლას ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. 30 ოქტომბერს არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. არჩევნები, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის მომავალი“, – განაცხადა ნაყოფიამ.
მისი თქმით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააბარა, მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურზე მაქსიმალურად იაქტიურონ.
„მან მე გუშინ შეხვედრის დროს მითხრა, გადმოგცეთ თქვენ ყველას, რომ 30 ოქტომბერს უკლებლივ ყველა ვიყოთ არჩევნებზე და „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ყუთთან მოვუწყოთ ნამდვილი რევოლუცია ბევრი ბიულეტენით. იმდენი უნდა ვიყოთ, რომ ვერანაირმა გაყალბებამ ვერ გადაარჩინოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. დამერწმუნეთ, ამ არჩევნებს აუცილებლად მოჰყვება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და ჩვენ მშვიდობიანად შევცვლით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას“,- განაცხადა ნაყოფიამ.