რა გეგმები აქვს გამარჯვების შემთხვევაში რუსთავის მერობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატს

460

რუსთავის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი დავით კირკიტაძე “ინფო რუსთავთან” ჩრდილოვანი კაბინეტის დეტალებზე ისაუბრა.

როგორც კირკიტაძემ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, გამარჯვების შემთხვევაში, მისი ერთ-ერთი მოადგილე “გირჩი-მეტი თავისუფლებიდან” ირაკლი კუკანია იქნება. მერობის კანდიდატის თქმით, კუკანია კურირებას გაუწევს მისი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი დაპირების შესრულებას, რაც რუსთაველებისთვის მიწების გადაცემას გულისხმობს.

კირკიტაძის განცხადებითვე, მოადგილეები ასევე იქნებიან “ლელოსა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები.

როგორც რუსთავის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი აცხადებს, მერიაში ჩამოყალიბდება ახალი სამსახური, ახალ მიმართულებას კი ერთ-ერთი მოადგილე ჩაიბარებს.

საუბარია ბიუჯეტის საჯარო დაგეგმარების მიმართულებაზე. კირკიტაძის თქმით, ხალხი თავად გადაწყვეტს, რა არის პრიორიტეტული მათთვის და რაში უნდა დახარჯოს ფული რუსთავის მერიამ.

“მაგალითად, გვაქვს 4 მილიონი და პირობითად, აღვადგინოთ პარკი ბათუმის ქუჩაზე, თუ საჭიროა ამ თანხით აღვადგინოთ ლიფტები. ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული საჯარო გამოკითხვით, მათ შორის ელექტრონულად. უნდა იყოს ფართო კონსენსუსი მიღწეული და ყველაფერი უნდა ხდებოდეს ღიად. ეს იქნება მთავარი წამყვანი ხაზი ჩვენთვის. მერიის და საკრებულოს საქმიანობა არ უნდა იყოს მხოლოდ 30 ადამიანის, 1 პარტიის ან თუნდაც 3 პარტიის კონსენსუსი. ამას სჭირდება სერიოზული ხალხი, სერიოზულად აწყობა”, – აცხადებს კირკიტაძე.

ასევე, კირკიტაძის თქმით, მერიაში დაბრუნდება ნინო ქვირია, რომელიც სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციიდან ივლისის თვეში გათავისუფლდა. მისივე განცხადებით, კოალიციური მთავრობის წევრი იქნება ყოფილი ვიცე-მერი ირმა მესხი.

30 ოქტომბერს რუსთავში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში გამარჯვებისთვის “ქართული ოცნების” რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და საერთო ოპოზიციური კანდიდატი დავით კირკიტაძე იბრძოლებენ.