წყრუთში მცხოვრები: ‘მომატყუეს 41 შემოხაზე და ბაღში დაგაწყებინებ მუშაობასო

258

წყრუთში მცხოვრები ამბობს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დედა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, წინასაარჩევნო პერიოდში 41–ის შემოხაზვის სანაცვლოდ, სოფლის ახლადგახსნილ საბავშვო ბაღში დასაქმებას დაჰპირდა. იურისტების განცხადებით, ფაქტი ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს და საქმით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

„ჩემთან იყო მოსული [საარჩევნო უბნის თავმჯდომარის დედა], მითხრა, თუ 41 შემოვხაზავდი მუსიკის მასწავლებლად დამნიშნავდნენ. ჩემი მონაცემები წაიღო: პირადი ნომერი, სახელი და გვარი. თქვა, სადაც საჭიროა,ზევით ვეტყვი, რომ დაგასაქმონო. გასაუბრებაზეც ვიყავი, მაგრამ არ ამიყვანეს, მიუხედავად, იმისა რომ მუსიკალური განათლება მაქვს“,– გვითხრა ერთ–ერთმა ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

მისივე თქმით, პირს, რომელიც ახლად გახსნილ ბაღში მუსიკის პედაგოგად აიყვანეს, მუსიკალური განათლება არ აქვს. მანვე აღნიშნა, რომ ბაღის სხვა თანამშრომლებიც „ნაცნობობით“ შეარჩიეს.

„ამ მუსიკის პედაგოგს მუსიკალური განათლება არ აქვს. გავიგე, რომ კიდევ ერთი პირი, ბაღების გაერთიანების უფროსმა მხოლოდ იმიტომ აიყვანა სამსახურში, რომ იმ ქალის დედას მასთან [მარინა მერაბიშვილთან] რძე მიაქვს ხოლმე. გარდა ამისა ბაღის მენეჯერად საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის რძალი დანიშნა.  მზარეულად კი მიიღეს ქალი, რომელმაც არჩევნებზე 41 პირდაპირ გარეთ, საჯაროდ შემოხაზა“.

„სამხრეთის კარიბჭე“ წყრუთის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დედას,  ასია კარაპეტიანს დაუკავშირდა, რომელმა ფაქტი კატეგორიულად უარყო.

„არავის არაფერს დავპირებივარ, მე რანაირად შევძლებდი მის დასაქმებას?! უბრალოდ ვურჩიე რადგან მუსიკალური განათლება ჰქონდა განცხადება შეეტანა“, – თქვა მან.

კითხვაზე, იყო თუ არა „ქართული ოცნების“ აგიტატორი, გამოცემას არ უპასუხა და მობილური გათიშა.

ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების  ხელმძღვანელის, მარინა მერაბიშვილის თქმით, ახლადგახსნილი ბაღისთვის თანამშრომლები არა ნაცნობობით, არამე კვალიფიკაციის და მათი გამოცდილების შესაბამისად აიყვანა.

„ბაღში შემოტანილი ჰქონდა განცხადება 45 პირს, შევარჩიეთ –15, სურვილი ნამდვილად ბევრს ჰქონდა. მუსიკის პედაგოგს კი შესაბამისი განათლება აქვს. რაც შეეხება რძესთან დაკავშირებით, ვიზეც საუბრობთ ის ნამდვილად ავიყვანეთ ბაღში, მაგრამ გასაუბრებაზე პირველად ვნახე. ჭორის დონეზე რაღაცების გავრცელება მიუღებელია“, – ამბობს მერაბიშვილი.

ის რომ, ახლადგახსნილ ბაღში დასაქმებას სხვებსაც დაჰპირდნენ, „სამხრეთის კარიბჭეს“ სოფელ წყრუთში სხვებმაც დაუდასტურეს.

„ჩემი ქმარი რამდენიმე წელია ოცნების აგიტატორია და უთხრეს, რომ ბაღში დამასაქმებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. მარინას [მერაბიშვილს] ვინც უნდოდა ის დაასაქმა“, – განაცხადა ადგილობრივმა, თუმცა, ვინ დაპირდა მის მეუღლეს დასაქმებას, არ გაამხილა.

რედაქცია დაუკავშირდა ახალციხეში „ქართული ოცნების“ შტაბის მდივანს, დავით ტაბატაძეს, რომელმაც თქვა, რომ არც მხარდაჭერებთან და არც აგიტატორებთან მსგავსი საუბარი არ ჰქონიათ.

„რას არ მოიგონებენ, ხოლმე, პირველად მესმის მსგავსი რამ“, – თქვა ტაბატაძემ.

საიას იურისტის, ქეთი ბებიაშვილის თქმით, აღნიშნული საკითხით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

„წინასაარჩევნო პერიოდში თუ მოხდა, ცალსახად ამომრჩევლის მოსყიდვის საკითხია, უნდა შეისწავლოს როგორც აუდიტის სამსახურმა , ასევე სამართალდამცავმა ორგანოებმა“, – თქვა ქეთი ბებიაშვილმა.