ე.წ. ტყის ძმების მეთაური დათო შენგელია ადასტურებს, რომ საარჩევნოდ “ქართულ ოცნებას” ეხმარება შვილთან ერთად.
“რა ფორმით და ჩემს ნაცნობებს ვეუბნები, რომ კარგი ხალხია, კარგი საქმის გამკეთებლები არიან, კარგი მერი იქნება და აირჩიეთ”, – განუცხადა მან ტელეკომპანია “ფორმულას”.
ამბობს, რომ ხალხის დასარწმუნებლად საკუთარ ავტორიტეტს იყენებს, მაგრამ რამდენად აქტიურია მისი გავლენა კვლავ, ეს არჩევნების დღეს გამოჩნდება.
“ტყის ძმების მეთაური ვყავი. არ ვიცი, ისევ აქტიურია თუ არა ეს გავლენები. ისევ ვარ ფორმაში, არ ვარ, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, თორემ მე საიდან ვიცი”, – აღნიშნა მან.
ე.წ ტყის ძმების მეთაური ერთ-ერთია ენმ-ის მიერ წარმოდგენილ ჩამონათვალში, რომლებიც, ოპოზიციური პარტიის მტკიცებით, სუსის, პოლიციის მაღალჩინოსებთან და ე.წ. კანონიერ ქურდებთან ერთად ეხმარებიან საარჩევნოდ ხელისუფლებას.
დათო შენგელია აფხაზეთის ომის პერიოდში ჩამოყალიბებული შეიარაღებული დაჯგუფება “ტყის ძმების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იყო. 2004 წლის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შედეგად “ტყის ძმები” დაიშალა. 2006 წლის ბოლოს დავით შენგელია ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა-რეალიზაციისთვის დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2011 წელს კი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით.
შენგელიას არერთხელ დასდეს ბრალი ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელისუფლების დახმარებით, აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკიდან ზუგდიდში კონტრაბანდული სიგარეტის და თხილის ბიზნესის წარმოებაში.