ვაგრძელებთ მეორე ტურებში იმ დაწყებულ საქმეს, რომელიც დავიწყეთ. 12 ოლქში, ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატები იბრძოლებენ მეორე ტურში, ამასთან ცაგერში, ჩვენი მერობის კანდიდატი ასევე აგრძელებს ბრძოლას ამ არჩევნებში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მიხეილ დაუშვილი გამორიცხავს კოალიციის შექმნას როგორც „ქართულ ოცნებასთან,“ ასევე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”.
მისი თქმით, ერთი პარტია ორიენტირებულია ძალაუფლების შენარჩუნებაზე, ხოლო მეორე – ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობს.
„ჩვენ, როგორც ასეთი, სისტემურ კოალიციას არ ვქმნით არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც „ქართულ ოცნებასთან.“ ეს ჩვენთვის არის პრინციპულად მიუღებელი, რადგან ორივე ძალა არის ერთპიროვნულ მმართველობაზე ორიენტირებული, მონოპოლისტურ ძალაუფლებაზე ორიენტირებული პოლიტიკური მხარეები არიან, რომელთა ამოცანა არის, ერთი მხრივ შეინარჩუნონ ძალაუფლება, მეორე მხრივ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება.
ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ და მხოლოდ თანამშრომლობას კონკრეტულ ინიციატივებთან, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენ დავინახავთ, რომ ეს საკითხი თუ პროექტი ორიენტირებული არის ადამიანებზე, ჩვენი მოქალაქეებისა და სახელმწიფო ინტერესებზე. სისტემურ კოალიციას არც ერთთან არ განვიხილავთ“, – განაცხადა დაუშვილმა.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინიციატივას, ქუთაისს საპარლამენტო სტატუსი დაუბრუნდეს, მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, რომ „ფაზლის ნაგლეჯებს უნდა ვუყუროთ მთლიანობაში.“
„კონკრეტულ ცალკე აღებულ ინიციატივებზე ხომ არ არის, რომ სადღაც სტატუსი აღადგინო და ა.შ.
ჩვენ ხომ არ უნდა ვუყუროთ ფაზლის ნაგლეჯებს, ჩვენ უნდა ვუყუროთ ამ ფაზლს მთლიანობაში. ერთ მხარეს „ოცნებაა,“ მეორე მხარეს „ნაციონალური მოძრაობა“ – ისინი ცდილობენ პატარა პარტიების შესრუტვას და საბოლოო ჯამში ცდილობენ, რომ მხოლოდ თვითონ დარჩნენ პოლიტიკურ ველზე – ერთმა შეინარჩუნოს ძალაუფლება, მეორემ ჩაიგდოს ხელში“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.