21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისში, ცესკოს მონაცემებით, თბილისის მერობის 13 კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა, ამომრჩეველს კანდიდატთა ნაწილზე წარმოდგენაც არ აქვს – ამ ადამიანებს საარჩევნო კამპანია, პრაქტიკულად, არ უწარმოებიათ და არც მედიას გამოუჩენია მათ მიმართ განსაკუთრებული ინტერესი.
droa.ge-მ გადაწყვიტა, გაგაცნოთ, თუ ვინ არიან თბილისის მერობის ის კანდიდატები, რომლებიც არც ერთ “საარჩევნო გამოფენაში” არ გამოჩენილან.
თბილისის მერობის კანდიდატად ტრადიციონალისტთა კავშირმა ნიკოლოზ სანებლიძე წარადგინა. ის არჩევნებში N18-ით იყრის კენჭს. სანებლიძე ძირძველი „ტრადიციონალისტია“ და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პარლამენტის – უზენაესი საბჭოს წევრი იყო. დაიბადა 1958 წლის 31 იანვარს. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1979-1988 წლებში მუშაობდა თსუ-ში; იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1988 წლიდან – თსუ-ს უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1990-91 – საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკიდან “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”.
პარტიის – „საქართველო” თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი დედაქალაქის თავად გახდომას ამჯერადაც ცდის. მისი საარჩევნო ნომერია 17. ლილუაშვილს სხვადასხვა არჩევნებში მონაწილეობის მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს: 2010 წელს მონაწილეობდა თსუ-ს რექტორის არჩევნებში; 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატად „მერაბ კოსტავას საზოგადოებიდან“, ხოლო 2013 წელს შუალედურ არჩევნებში ამავე პარტიამ ნაძალადევის მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა. 2013 წელსვე ლილუაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებშიც სცადა ბედი – ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატად დარეგისტრირდა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ლილუაშვილმა თბილისის მერის პოსტზეც იყარა კენჭი, თუმცა, როგორც ყველა სხვა არჩევნებზე, ამ ბრძოლაშიც დამარცხდა. 2016 წელს ლილუაშვილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, პარტიის „საქართველო“ თავმჯდომარე გახდა. ამავე წელს მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებშიც – იყო პარტიის პროპორციული სიის პირველი ნომერი და N6-ე მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი.
ლილუაშვილს რამდენიმე მიმართულებით აქვს განათლება მიღებული: დამთავრებული აქვს თბილისის სამრეწველო-ეკონომიკურ კოლეჯის დაუსწრებელი განყოფილება სპეციალობით – “ეკონომიკა და დაგეგმვა სახალხო მეურნეობის დარგებში”; 1996 წელს დაამთავრა საქართველოს ღია ჰუმანიტარულ ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და იურისტის კვალიფიკაცია მიენიჭა; 1993-2001 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტზე და მიენიჭა ზოგადი პროფილის სამხედრო ექიმის კვალიფიკაცია. სხვადასხვა დროს მუშაობდა ლაბორანტად, სანიტრად, მედდად, სასწრაფო დახმარების მორიგე ექიმად, სამხედრო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტად, პედაგოგად, ლექტორად, იურისტად და ა.შ.
თბილისის მერობის კიდევ ერთი კანდიდატია ლაშა სტურუა. ის “პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარეა და არჩევნებში N39-ით მონაწილეობს. დაიბადა თბილისში, 1976 წლის 7 ოქტომბერს. სტურუა პროფესიით იურისტია. სხვადასხვა დროს მუშაობდა იურიდიულ ფირმებში იურისტად. აქვს კერძო საადვოკატო პრაქტიკა.
ლაშა სტურუასაც, გიორგი ლილუაშვილის მსგავსად, არჩევნებში მონაწილეობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. გასულ წელს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში იყო დეპუტატობის კანდიდატი „პროგრესულ- დემოკრატიული მოძრაობის“ სიით. მანამდე, 2013 წელს, იყო გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის წარმომადგენელი გლდანის საარჩევნო ოლქში. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან იყრიდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გლდანის ლუწი მ/რ-ების ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.
თბილისის მერობის კანდიდატად რეგისტრირებულია დავით შუკაკიძე. ის „ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარეა და არჩევნებში N11-ით მონაწილეობს. შუკაკიძესაც, სხვა კანდიდატების მსგავსად, მდიდარი პოლიტიკური წარსული აქვს. 1990-იან წლებში იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 2011 წლის მაისში შუკაკიძე ე.წ. ყინწვისის საქმეზე დააპატიმრეს და პატიმრობიდან 2013 წლის იანვარში პოლიტიკური ამნისტიით გაათავისუფლეს.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში შუკაკიძის პარტია „ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა” “ჩვენი საქართველო” (ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი) სახელით მონაწილეობდა. ამავე არჩევნებზე იყო რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაცია – ა(ა)იპ “არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი”, რომლის თავმჯდომარეც, ასევე, დავით შუკაკიძეა.
კიდევ ერთი კანდიდატი, რომელსაც თბილისის მერად კენჭისყრა სურდა, გრიგოლ ჯოჯუა იყო, თუმცა, მან გუშინ კანდიდატურა მოხსნა.
გარდა ამ კანდიდატებისა, თბილისის მერობისთვის იბრძვიან: ელენე ხოშტარია – საარჩევნო ბლოკიდან “ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართელო” (N2); კახა კუკავა – საარჩევნო ბლოკიდან “დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო” (N3); ზაალ უდუმაშვილი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” (N5); ირმა ინაშვილი – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან” (N8); გიორგი გუგავა – საქართველოს ლეიბორისტული პარტიიდან (N10); თენგიზ შერგელაშვილი – “შენების მოძრაობიდან” (N20); გიორგი ვაშაძე – საარჩევნო ბლოკიდან “გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველო” (N27); კახა კალაძე – “ქართული ოცნებიდან” (N41) და დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი (N42).
ამ 13 კანდიდატიდან ვის ჩააბარებს დედაქალაქის გასაღებს თბილისის ამომრჩეველი, 10 დღეში გახდება ცნობილი – 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.