ქუთაისის წყალარინების სისტემების მშენებლობის პროექტირება აქტიურ ფაზაშია, გავრცელებული ინფორმაცია პროექტის ჩაშლაზე სიცრუეა, – ასე ეხმაურება ქუთაისის წყალმომარაგების კომპანია დღეს გავრცელებულ ინფორმაციას წყალარინების პროექტის ჩაშლასთან დაკავშირებით.
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის ალექსანდრე თევდორაძის განცხადებით, ქუთაისის წყალარინების პროექტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის სრულიად ცრუ ბრალდება, რომელიც არ შეესაბამება რეალობას.
„პროექტირება აქტიურ ფაზაშია, რომლის დასრულება 2022 წლის მაისში იგეგმება, რის შემდეგაც გამოცხადდება მშენებლობის ტენდერი. სამუშაოები მშენებელმა კომპანიამ 4 წელში უნდა დაასრულოს. სასესხო ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილება, რომელიც ეხებოდა პირველ ტრანშს – ხელშეკრულებით 5 მილიონი ევროს ჩამორიცხვა უნდა მომხდარიყო. ჩვენ ინიცირება მოვახდინეთ და მოვითხოვეთ მილიონი ევროს ჩამორიცხვა. იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წელს შესყიდვასთან დაკავშირებით დაკონტრაქტდა საპროექტო სამუშაოები, გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება კომპანია “CDM Smith Europe GmbH “-თან. უკვე გაფორმებული ხელშეკრულება და დაწყებული საპროექტო სამუშაოები მოწმობს იმას, რომ პროცესი მიმდინარეობს. სასესხო ხელშეკრულება არის 100 მლნ ევროზე გაფორმებული და ძალაშია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ასევე ხდებოდა წყალმომარაგების პროექტის მიმართულებით აპელირება, თუმცა, დღეს ქუთაისი 24 საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს.
მინდა დავარწმუნო ქუთაისის მოსახლეობა, რომ გაჟღერებულ ვადებში მათ ექნებათ წყალარინების ახალი სისტემა და ასევე მათთვის აშენდება წყალარინების თანამედროვე სტანდარტების გამწმენდი ნაგებობა“, – განაცხადა ალექსანდრე თევდორაძემ.
პროექტის მიმდინარეობაზე ისაუბრა გერმანული კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელმა, ფილიპ შტეფანმაც, რომელიც პროექტზე მომუშავე გუნდს ხელმძღვანელობს.
„პროექტზე მუშაობა დავიწყეთ 2021 წლის მაისში, ამჟამად ვიმყოფებით გენ-გეგმის მომზადების ფაზაში და ვგეგმავთ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში პროექტირება დავასრულოთ. საქმე გვაქვს სიდიდით მეორე ქალაქთან და ძალიან მასშტაბურ პროექტთან. ჩვენი კომპანია, რომელსაც ძალიან დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით, ასევე გასწევს მშენებლობის ზედამხედველობას“, – განაცხადა ფილიპ შტეფანმა.