ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე მცხოვრები დევნილები ბინებს მიიღებენ

836
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, დევნილები, რომლებსაც ქუთაისის მერია საცხოვრებლის დატოვებას სარემონტო სამუშაოების მოტივით აიძულებდა, ბინებს მიიღებენ. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

დევნილებს, რომლებსაც შენობაში სოციალური საცხოვრისის მოწყობის გამო ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებოდათ, საკუთარი სახლი ექნებათ.

ამორტიზებულ შენობაში, გაუსაძლის პირობებში მცხოვრებლებზე “ქუთაისიპოსტმა”  ვრცელი მასალა რამდენჯერმე მოამზადა. ერთ-ერთი ბოლო მასალის შემდეგ, რომელიც შენობაში სამუშაოების მიმდინარეობასა და დევნილთა პროტესტს ეხებოდა, მერიამ პროცესი შეაჩერა. 21 ოქტომბერს კი დევნილთა სააგენტომ “ქუთაისიპოსტს” დაუდასტურა, რომ ექვს ოჯახს, რომლებმაც ამორტიზებულ შენობაში 28 წელი გაატარეს, საცხოვრებელი ექნება.
 
“გამოიცა განკარგულება და დაევალა სააგენტოს, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე მოხდეს იქ მცხოვრები ოჯახების განსახლება. მყარი გარანტიები უკვე მიცემული არის პირველი პირებისგან”, – განუცხადა “ქუთაისიპოსტს” დევნილთა სამინისტროს იმერეთის სამმართველოს უფროსმა დავით ჭეიშვილმა.
 
რაც შეეხება იმას, თუ რატომ დასჭირდათ დევნილებს მრავალწლიანი ბრძოლა იმისთვის, რომ  ბინები მიეღოთ, დავით ჭეიშვილი გვპასუხობს, რომ საკითხის გადაწყვეტას დრო სჭირდებოდა.
 
“საკითხი გადაწყვეტას საჭიროებდა, ყველა ინსტანციაში უნდა შეთანხმებული. მიიღო სრულყოფილი სახე, გამოიცა განკარგულება და მოხდა შესრულება”, – განაცხადა ჭეიშვილმა.
 
დევნილების ინფორმაციით, ისინი ბინებს, სავარაუდოდ, შერვაშიძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსებში მიიღებენ.
 
“ხუთი თვე გავატარეთ ამ წნეხში, ერთი საათი არ დაგვიტოვებია შენობა. ყველა კედელი ზანზარებდა, ჩვენი სიცოცხლე იყო საფრთხის ქვეშ. ამდენი ბრძოლის შემდეგ, მგონი სიხარულსაც ვეღარ ვგრძნობ”, – ამბობს გუგუნავას ქუჩაზე მცხოვრები დევნილი ეთუნა გახარია.
 
ადგილობრივმა თვითმმართველობამ, გუგუნავას ქუჩაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ისე დაიწყო, რომ იქ მცხოვრები ოჯახების ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების საკითხი გაურკვეველი იყო. დევნილებს ცხოვრება მტვერსა და ხმაურში, სამშენებლო მასალებთან ერთად ამ დრომდე უწევთ.