პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსთავში მერობის კანდიდატს და პარტიის მხარდამჭერებს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ღარიბაშვილმა განაცხადა, ნინო ლაცაბიძე არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
“რუსთავში გაიმარჯვებს ჩვენი ღირსეული კანდიდატი ნინო ლაცაბიძე. ძალიან მარტივი მოცემულობაა რუსთავში, ერთის მხრივ, ჩვენ გვყავს კანდიდატი, რომელიც გამორჩეულია თავისი პროფესიონალიზმით, განათლებითა და წესიერებით და მეორე მხარესაა ყველასთვის ცნობილი ბანდიტი, მძარცველი და კრიმინალი კირკიტაძე, რომელიც იყო გასამართლებული. ყველამ იცის ამ ქალაქში, ვინ არის კირკიტაძე. კაცი, რომელიც გამოირჩეოდა ადამიანებზე ქონებების წართმევით, ძალადობით და ჩვეულებრივი ზონდერობით. აი ასეთი ადამიანი უპირისპირდება ჩვენს კანდიდატს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჯერა, რომ ნინო გაიმარჯვებს დამაჯერებლად. რუსთავის მოსახლეობა გააკეთებს ბრძნულ არჩევანს და კიდევ ერთხელ უარს ეტყვის ძალადობას, წამებას და ყველა იმ უბედურებას, რომელიც უკავშირდება სააკაშვილის მმართველობას და მის გუნდას.
რუსთავის მოსახლეობას მინდა დავპირდე, რომ ნინოს არჩევის შემდეგ, განსაკუთრებით მეტ ყურადღბას დავუთმობ ქალაქ რუსთავის განვითარებას, კეთილმოწყობას, ძალიან ბევრი სოციალური პროგრამა განხორციელდება რეალისტური და არა ის აფსურდული, რომელიც ისმის ამ მოძალადე ბანდიტისგან.
ნინოს არჩევის შემდეგ დამატებით გამოივუყოფთ რუსთავს ბიუჯეტიდან, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი დავაფინანსოთ, რომ უფრო მეტად კეთილმოვაწყოთ რუსთავი და რუსთაველებს კომფორტული ცხოვრება ჰქონდეთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ნინო ლაცაბიძე იქნება რუსთავის განვითარების გარანტი.
“რუსთავის განვითარება არის პრიორიტეტი სხვადასხვა მიზეზის გამო. რუსთავს, როგორც ქალაქს აქვს განსაკუთრებული როლი, იგივე ქართულ ეკონომიკაში და ზოგადად, ქვეყნის ცხოვრებაში, ამიტომაც სჭირდება მას მეტი ყურადღება. იგივე საბიუჯეტო კუთხით, რაზეც საუბრობდა დღეს პრემიერი და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსთავს მიეცეს კიდევ უფრო სწრაფად განვითარების საშუალება და ნინო ლაცაბიძე, როგორც რუსთავის მერი, იქნება საუკეთესო გარანტი ამ ქალაქის განვითარების”, – განაცხადა კობახიძემ.