ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ეს არის სამარცხვინო – ასე გამოეხმაურა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბათუმის მერობის კანდიდატის, არჩილ ჩიქოვანის ბრიფინგს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
რეზო ხარაზი დღეს, პროკურატურის შენობასთან მივიდა და განაცხადა, რომ მოთხოვნის მიუხედავად, კონკრეტულ საქმეებზე წერილობითი პასუხები ამ დრომდე არ მიუღიათ.
”27 სექტემბერს ჩვენ მივმართეთ აჭარის პროკურატურას, რომ მოეცათ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე კონკრეტული პასუხები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბათუმის მერობის კანდიდატ არჩილ ჩიქოვანთან, მაგრამ ერთი თვის განმავლობაში არ მოგვაწოდეს. დღეს ”ქართული ოცნების” წევრები დამწკრივდნენ და გვიყვებოდნენ ამბავს, მისი უდანაშაულობის შესახებ.
ბატონებო, თქვენს უდანაშაულობას მაშინ დავიჯერებთ, თუ ეს არ იქნებოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა. მაშინ დავიჯერებდით, როცა პროკურატურა კონკრეტულ წერილზე კონკრეტულ პასუხს გაგვცემდა.
მოვედი და მივმართავ პროკურორს, გაბედოს, ჩამოვიდეს და გამცეს კითხვებზე პასუხები არჩილ ჩიქოვანთან დაკავშირებით. ის, რომ ჩიქოვანის და მისი სამსახურის წინააღმდეგ არსებობს სისხლის სამართლის საქმე და იმ დროს, ის იყო პასუხისმგებელი პირი, ამას ვერ გაექცევა.
თუ არჩილ ჩიქოვანი მართალი კაცია, ბათუმელების წინაშე გამოვიდეს, გაასაჯაროოს ის საქმეები, რომელიც მის წინააღმდეგ არსებობდა. რატომ გვიმალავს ჩვენ პროკურატურა ამ წერილს. რატომ უგზავნის მას? მეც ხომ იგივე პროკურატურას მივმართე, რატომ არ გვაწვდიან? ეს არის ”ქართულ ოცნებაში” უნიჭოდ შესრულებული კამპანია” – განაცხადა რეზო ხარაზმა.
ბათუმის მერობის კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მისი მისამართით ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.